„მუშახელის დეფიციტი საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა“ – PMC RC კვლევა

ეკონომისტთა 64% საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ სამუშაო ძალის დეფიციტს ასახელებს, საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებისათვის ყველაზე დიდ დაბრკოლებად კი გამოკითხულთა 70%-ი უნარების შეუსაბამობას ასახელებს. ამის შესახებ საუბარია პიემსი კვლევითი ცენტრის კვლევაში „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“

2023 წლის მეოთხე კვარტალში ჩატარებული ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის მთავარი მიგნებებია:
ქართველი ეკონომისტები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას. მათი მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ასევე პოზიტიურია.
2023 წლის რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი საშუალოდ 6.2%-ს შეადგენს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება. 2023 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.9%-ია.
გამოკითხულ ეკონომისტთა 64%-მა საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ სამუშაო ძალის დეფიციტი დაასახელა.
რესპონდენტთა უმეტესობის (53%) აზრით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის გაუმჯობესებამ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა IMF-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდაში.
უნარების შეუსაბამობა საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებისათვის ყველაზე დიდ დაბრკოლებად გამოკითხულთა 70%-მა დაასახელა.
ყველა გამოკითხული ეკონომისტი ეთანხმება ან სრულად ეთანხმება IMF-ის წუხილს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
მთლიანობაში, გამოკითხულთა 76% ფიქრობს, რომ სებ-ის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს უქმნის საქართველოში IMF-ის მხარდამჭერი პროგრამის გაგრძელებას.
რესპონდენტების აზრი მნიშვნელოვნად იყოფა სებ-ის მიერ გაცვლითი კურსის რყევების საპასუხოდ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 41% არ ეთანხმება სებ-ის გადაწყვეტილებებს, რადგან მიაჩნია, რომ ზომები გადაჭარბებულია, ხოლო 29% ეთანხმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ისინი საკმარისი არ არის სიტუაციის ადეკვატურად გადასაჭრელად.
რესპონდენტთა 53% ეთანხმება ან სრულად ეთანხმება სების გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10%-ზე შენარჩუნების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბევრი რესპონდენტი (24%) არ არის დარწმუნებული, როგორ შეაფასოს ეს გადაწყვეტილება.
2023 წლის ოქტომბერში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის განახლების შემდეგ, გამოკითხულ ეკონომისტთა 64% ელოდება, რომ დან ტურისტების დანახარჯების შემცირებას ყველაზე დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე.
„საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია. ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2023 წლის ნოემბერში.