მოკლული არასრულწლოვნის დედის ადვოკატი – აითაჯმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა დარჩენა, დედას რომ ეიძულებინა, გინდა თუ არა წამოდიო, ეს არის დანაშაული

აითაჯმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა დარჩენა, დედას რომ ეიძულებინა, გინდა თუ არა წამოდიო, ეს არის დანაშაული, – ამის შესახებ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის ეგანა მაგარამოვას ადვოკატმა ალი ბადიროვმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, შახმაროვას დედას მკვლელობაში ბრალდებული ემუქრებოდა, ეგანა მაგარამოვას შეეშინდა და მომხდარის შესახებ პოლიციაში ვერ განაცხადა. ეს კი ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
“ეგანა მაგარამოვა გარდაცვალების ფაქტს ვერ დაუმალავდა დირექტორს, სოციალურ ქსელში იყო, საუბარია იმაზე, რატომ არ მოუყვა დირექტორს ან პოლიციას მოტაცების ფაქტი. ერთ-ერთი ადამიანი, ვინც მას აშინებდა, მკვლელობაში ბრალდებული იყო, ეს დღეს მისმა მშობლებმა ბოლომდე ვერ დაადასტურეს, რადგან მათი შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა არ უნდოდათ და თქვეს, არ ვიცოდით, თუ დაემუქრაო. ეგანას(აითაჯის დედა) მკვლელობაში ბრალდებული მოკვლით ემუქრებოდა, ამიტომაც ვერ ეუბნებოდა ვერც სკოლას და ვერც პოლიციას, თან შვილმა იქ დარჩენა გადაწყვიტა. დედას პირველივე წუთიდან უნდოდა აითაჯი დაეთანხმებინა და სკოლაში დაებრუნებინა, მაგრამ აითაჯმა თავის დანიშნულთან დარჩენა არჩია, ეს მისი თავისუფალი ნება იყო, ამას მას დანით არავინ ურჩევდა.
აითაჯმა თქვა, რომ მას ალიმთან უნდოდა დარჩენა, არასრულწლოვნის ინტერესი რომ არ გაითვალისწინო, მერე იტყვიან რატომ ეწინააღმდეგებიო. როცა ადამიანი შეშინებულია, დანაშაულის შეუტყობინებლობა გამორიცხავს პასუხისმგებლობას. აითაჯმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა დარჩენა, გინდა თუ არა წამოდიო, რომ ეიძულებინა დედას, ეს არის დანაშაული”, – განაცხადა ბადიროვმა.
მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.
რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

ასევე დაგაინტერესებთ