„მოზარდი/ზრდასრული ასაკის აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის, არცერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი არ არსებობს“ – თათია მელაშვილი

აუტიზმის ეროვნული ცენტრის „ფერადი ქალაქის“ მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ვრცლად “აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის” თანადამფუძნებელმა, თათია მელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „აუტიზმის ეროვნული ცენტრი“ – „ფერადი ქალაქი“ არ იქნება ადგილი, სადაც 16 წლის ზემოთ აუტისტური სპექტრის ადამიანები იცხოვრებენ, ეს იქნება ადგილი, სადაც ისინი დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს ისწავლიან.
„ფერადი ქალაქის მშენებლობა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაიწყო და პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. პროექტირების პროცესი და რიგით მეოთხე კოტეჯის მშენებლობაც უკვე დასრულდა, თუმცა წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მთავარი სასწავლო კორპუსი კიდევ ასაშენებელია. ვიმედოვნებთ ბიზნესი და სახელმწიფოს ჩართულობით პროცესი ბოლომდე მივა.
ამ ეტაპზე არ არსებობს არცერთი სერვისის მიმწოდებელი ცენტრი, მოზარდი და ზრდასრული ასაკის აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის. „ფერად ქალაქში“ იქნება 24-სათიანი მონიტორიგნის კოტეჯები, სადაც აუტისტი მოზარდები და ზრდასრულები ოჯახთან ერთად მათთვის კრიზისულ პერიოდში დროებით იცხოვრებენ. მაგალითად გარდატეხის ასაკში, როცა შ იმატებს და მშობლებმა არ იციან როგორ მართონ მათი ქცევები. სპეციალისტები დააკვირდებიან, ამ გაღიზიანების გამომწვევ მიზეზებს შეისწავლიან, ოჯახს დაატრენინგებენ, როგორ მართონ მათი ქცევები, თავად აუტისტები კი ყველა საჭირო უნარს გამოიმუშავებენ. ჩვენი ცენტრი ორიენტირებული იქნება ხარისხზე და შედეგზე,“ – განაცხადა თათია მელაშვილმა.
მისივე თქმით, პირველი საპილოტე პროექტი უკვე გამზადებული აქვთ და ამ ეტაპზე სპეციალისტების დატრენინგება მიმდინარეობს.
„აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ მშენებლობის საერთო ხარჯი 7 მილიონი დოლარია, ამ ეტაპისთვის უკვე მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. „აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ მშენებლობა 2019 წლიდან 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.