“მოდა, როგორც ბიზნესი, საქართველოში მოკვდა” – რატომ ფიქრობს ასე მაკა კვიციანი?

“მოდა, როგორც ბიზნესი საქართველოში მოკვდა” – ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა ქალების ნარატივში დიზაინერმა, ბრენდ “დალოოდის” კრეატიულმა დირექტორმა, მაკა კვიციანმა განაცხადა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს ამ ინდუსტრიაში არსებობს.
მისი თქმით, პანდემიის შემდეგ ქვეყანაში აღარ არსებობს პლატფორმა, სადაც დიზაინერები გამოვლენ ახალგაზრდებს განვითარებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს.
“როდესაც ჩვენი თაობა ამ სფეროში შემოვედით და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ამ სფეროში ნამდვილი ბუმი იყო. დღეს კი, უამრავი ადამიანი მწერს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, აქვთ ამ პროფესიისადმი ძალიან დიდი ინტერესი, თუმცა არ არსებობს პლატფორმა, სადაც ეს ბავშვები საკუთარ თავს იპოვიან და დაიმკვიდრებენ. სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს და რაც შეიძლება აქტიურად ტარდებოდეს მოდის კვირეულები”, – ამბობს მაკა კვიციანი.
მაკა კვიციანის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში სამრეწველო ინდუსტრია ფაქტობრივად არ არსებობს, არ არის წარმოება განვითარებული და ამასთანავე მნიშვნელოვანი პრობლემაა საკადრო რესურსიც.
“ჩვენ ჩვენი ენთუზიაზმით ვაკეთებთ ყველაფერს. დიდი მოცულობით წარმოებაზე რომ იყოს საუბარი, მომიწევს სხვა ქვეყანაში რაღაცების გაკეთება. ადგილობრივი ბაზარი ჯერჯერობით ამ ყველაფერს ვერ უმკლავდება. ხომ გვგონია, რომ გარკვეული მიმართულებებით წინ წავედით, თუმცა ამავე დროს ძალიან დიდი ჩამორჩენა გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში პროფესიული განათლება, რაც დღეს არ არსებობს. ეს განათლება ძალიან გვჭირდება, რადგან ასევე არ არსებობს კადრები”, – აღნიშნა “დალოოდის” კრეატიულმა დირექტორმა და დამფუძნებელმა.

ასევე დაგაინტერესებთ