მილიონი რუბლი კიევში – რუსი პროპაგანდისტები ნაცემი ტერორისტების დაკითხვას ავრცელებენ

რუსულმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა არხმა Россия 1-მა გაავრცელა კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელების დაკითხვის კადრები.
როგორც კადრებშია ნათქვამი ტერორისტები ამბობენ, თითქოს მათი კოორდინატორი იყო დაუდგენელი პირი, სახელად საიფულო, რომელიც მათ კიევში მილიონი რუბლის (დაახლოებით 29 000 ლარი) გადაცემას დაჰპირდა. დაკითხვის მიხედვით, თავდამსხმელებს საიფულომ მისცა თავდასხმის ადგილის მითითება და მოამარაგა ისინი იარაღით.
დაკავებულებს ეტყობათ ძალადობის კვალი, საუბრის დროს მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურებიან, ერთ-ერთი საერთოდ ვერ ახელს თვალებს. ტერორისტები, რომელთა პროცესის ჩატარების დროს საჭირო იყო თარჯიმნების დასწრება, დაკითხვაზე აქცენტით, მაგრამ შეუჩერებლად ლაპარაკობენ.
ერთ-ერთი თავდამსხმელის თქმით კი, საიფულო მათ დაჰპირდა, რომ საზღვარზე დაელოდებოდათ ხალხი, რომლებიც კიევამდე ჩასვლაში დაეხმარებოდნენ. პროპაგანდისტულ სიუჟეტში თავად პროპაგანდისტები ირწმუნებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე განაღმეს ორი გზა.
ამას გარდა, პროპაგანდისტების მტკიცებით, ტერორისტების მობილურებში აღმოაჩინეს უკრაინის დროშისა და “ნაციონალისტების სიმბოლიკის” ფოტოები.
კრემლის პროპაგანდისტები ცდილობენ, რუსები დაარწმუნონ, რომ “გამომძიებელთა ნახსენები ფაქტები საკმარისია”, რომ ისაუბრონ ტერაქტში “უკრაინული მხარის მონაწილეობაზე”.
აქამდე გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, როგორ აწამებდნენ ახალდაკავებულ ტერორისტებს. ერთ ვიდეოში ერთ-ერთ ტერორისტს ჯერ ყურის ნაწილს აჭრიდნენ, შემდეგ კი მას პირში ტენიდნენ. გავრცელებულ ფოტოში კი ჩანდა, რომ ელექტროდანადგარი სადენებით შეერთებული იყო ერთ-ერთი თავდამსხმელის სასქესო ორგანოზე. გავრცელებული ცნობების მიხედვით, კიდევ ერთ ტერორისტს დაკავების დროს თვალი ბუდიდან ამოუგდეს.
22 მარტის ღამეს ს დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.
რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.
რუსეთმა ტერაქტში ოფიციალურად დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მათთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მეთაური, ვასილი მალიუკი გადაეცათ. მოსკოვს კვლავ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია. СБУ-ში მათ განცხადებას ცინიკური უწოდეს.