მეხიკოში მგზავრმა თვითმფრინავის საავარიო გასასვლელი გააღო და ფრთაზე გავიდა

მეხიკოს საერთაშორისო აეროპორტმა 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ AeroMexico-ს თვითმფრინავის მგზავრმა აფრენამდე საავარიო გასასვლელი გახსნა და ფრთაზე გავიდა. მათივე თქმით, მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ დაუსახელებიათ, პოლიციას გადასცეს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ინციდენტი მგზავრობის წესების უხეში დარღვევაა, კაცის ათობით თანამგზავრი მის საქციელს ამართლებს. მათ განცხადებაც შეადგინეს, რომლის მიხედვითაც, ავიაკომპანიამ ისინი თვითმფრინავში, რომელიც გვატემალისკენ უნდა გაფრენილიყო, 4 საათის განმავლობაში ვენტილაციისა და წყლის გარეშე გააჩერა. განცხადების ტექსტის მიხედვით, რომელსაც, სულ მცირე, 77 მგზავრი აწერს ხელს, კაცი “ყველას დასაცავად, ყველას მხარდაჭერით” მოქმედებდა.
“ფრენის დაყოვნებამ და უჰაერობამ შექმნა პირობები, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მგზავრთა ჯანმრთელობას. მან ჩვენი სიცოცხლე იხსნა”. – ნათქვამია განცხადებაში.
ვებგვერდების დახმარებით, სადაც ფრენებისთვის თვალის დევნებაა შესაძლებელი, დასტურდება, რომ ფრენა 4 საათითა და 56 წუთით გადაიდო.
ამასთან, გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, AeroMexico-ს თვითმფრინავის ბორტზეა გადაღებული და ასახავს, როგორ ცდილობენ მგზავრები თავის გაგრილებას და ბორტგამცილებლებს წყალს სთხოვენ.
AeroMexico-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.