მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
ბრალდების მხარე, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2000 – ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.
სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლე, მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამასთან, დაკავებულის თქმით, ის წუხს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მოხდება.
გამოძიების თანახმად, 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა.