მეუფე შიო: მარხვა წმინდა რამაა, წმინდა საქმეა… გარდა ამისა, როგორც იცით, მარხვა არის საშუალება ბოროტი სულების განდევნისა …

მარხვა წმინდა საქმეა… იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის. როგორც თავშეუკავებლობა გზას უხსნის ყოველგვარ გარყვნილებას, უწმინდურებას ფიქრით და საქმით, ასევე თავშეკავებულობა სულს განწმენდს, აღამაღლებს, ანიჭებს ძალასა და თავისუფლებას…, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, მარხვა არის საშუალება ბოროტი სულების განდევნისა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვა – ეს არის ღმერთის განსაკუთრებული წყალობის გამოვლინება ჩვენზე. რით შეგვიძლია ჩვენ, ცოდვილებს, რომ ვუპასუხოთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის? ჩვენ უნდა მივართვათ მას თავშეკავება, ლოცვა, მარხვა და სინანული. აი, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ წმინდა ეკლესია, როგორც მოსიყვარულე დედა, დიდი მარხვის ღვთისმსახურებაში, რომ გამოაღვიძოს ჩვენი დაძინებული სინდისი და აღძრას ჩვენში გამოსწორების სურვილი და მოშურნეობა.

„სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდექ, რასა გძინავს, აღსასრული მოახლებულ არს და გეგულვების შენ აღშფოთება. განიღვიძე, რათა შეგიწყალოს შენ ქრისტემან ღმერთმან, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“. აი, ასეთი სიტყვები მოვისმინეთ და ჩვენც ამ სიტყვებით მივმართოთ ჩვენს სულს იმისთვის, რომ გამოვაფხიზლოთ იგი ცოდვებით დამძიმებული ღრმა ძილისგან.

„სულო ჩემო, სულო ჩემო, აღსდექ მიწიურისადმი მიჯაჭვულობისგან, ვინაიდან შენ არ ხარ შექმნილი მიწიურისთვის, არამედ – ზეციურისთვის. შენ არ ხარ შექმნილი იმისთვის, რომ დაემონო წარმავალსა და ხრწნადს, არამედ იმისთვის, რომ შენს შემოქმედსა და მაცხოვარს ემსახურო და მას ადიდებდე“. აი, ასე მივმართოთ ჩვენ ჩვენს სულს.

სინანული წმინდა ეკლესიის მიერ დაკავშირებულია დიდი მარხვის სარბიელთან, რომელიც ჩვენს სულს ამსუბუქებს, განწმენდს და აძლიერებს.

ჩვენი მარხვა ეკლესიაში დადგენილია თვით მაცხოვრის მიერ აღსრულებული ორმოცდღიანი მარხვის მიბაძვით, ვინაიდან ყველაფერი მაცხოვრის ცხოვრებაში სამაგალითოა ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. მან თავად დაუწესა მარხვა თავის მოწაფეებს, როდესაც მას ჰკითხავენ: ,,რატომ არ მარხულობენ შენი მოწაფეები, როგორც ჩვენ და ფარისევლები?” პასუხად მაცხოვარი მიუგებს: „განა შესაძლებელია, წუხდნენ მექორწილენი, სანამ სიძე მათთან არის? მოვა დრო, სიძე აღარ ეყოლებათ და მაშინ იმარხულებენ“. აი, ამ სიტყვებით უფალი ამბობს, რომ ვისაც იგი უყვარს, ვისაც სურს, მასთან ერთად იყოს, ის იმარხულებს მისი ჯვარცმისა და სიკვდილის შემდეგ. სწორედ ამიტომაც წმინდა ეკლესია ასეთი მარხვით აღნიშნავს ქრისტეს ჯვარცმასა და მისი აღდგომის დღესასწაულს.

მარხვა წმინდა რამაა, წმინდა საქმეა, იმიტომ რომ იგი საშუალებაა სიწმინდის მოპოვებისთვის, ვნებების დამარცხებისთვის. როგორც თავშეუკავებლობა გზას უხსნის ყოველგვარ გარყვნილებას, უწმინდურებას ფიქრით და საქმით, ასევე თავშეკავებულობა სულს განწმენდს, აღამაღლებს, ანიჭებს ძალასა და თავისუფლებას.

გარდა ამისა, როგორც იცით, მარხვა არის საშუალება ბოროტი სულების განდევნისა, როგორც თვით უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ნათესავი ესე განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით“. ამიტომ არის, რომ დიდი მოსაგრეები და წმინდანები მხოლოდ მარხვის და მკაცრი მარხვის მეშვეობით აღწევდნენ ღმერთთან სიახლოვეს, განსაკუთრებულ ნიჭებს და განსაკუთრებულ მადლს.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვეცადოთ, სინანულითა და მარხვით განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვები და ეს მარხვა ყოფილიყოს ჩვენთვის ნამდვილი სულიერი გაზაფხული იმისთვის, რომ სიხარულით შევეგებოთ ბრწყინვალე აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე შიომ.

ასევე დაგაინტერესებთ