“მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა” | ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ოპერაცია უტარდება

გურიაში პიტბულის ჯიშის ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ამ წუთებშიც ოპერაცია უტარდება. ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს კერძო კლინიკა “კარაპს მედლაინში”, სადაც თავზე კანს გადაუნერგავენ. ქირურგიული ჩარევის შემდეგ მცირეწლოვანს ისევ იაშვილის კლინიკაში დააბრუნებენ მკურნალობის გასაგრძელებლად. ექიმების თქმით, ოპერაციის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 48 საათი, რომ დააკვირდნენ როგორ მიიღებს სხეული გადანერგილ კანს.
“აუცილებელი ჩარევა, რაც განხორციელდა პირველ ეტაპზე, ეს იყო კანის დაზიანებული უბნების მოცილება, ჭრილობის გასუფთავება, ამის ძირითადი მიზანი იყო მეორადი ინფექციისგან ბავშვის დაცვა. […] რისკი ამ ეტაპზე ინფექციის განვითარების ძვლის ინფექციის, სისტემური ინფექციის, არის მინიმუმამდე დაყვანილი. ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ გვაქვს”, – ამბობს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.
ცნობილია, რომ ლაზარეს ოპერაციის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს. ოზურგეთის კლინიკაში რჩება მისი 5 წლის ძმაც, რომელსაც ფეხის არეში აქვს დაზიანება მიყენებული.