მაჭახელას ხეობაში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები ინერგება

გაეროს განვითარების პროგრამისა და იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით, მაჭახელას ხეობაში განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები ინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, გასული წლის განმავლობაში, მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში 75 მზის პანელი და 200 მზის წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდა, რაც შეშის საყოფაცხოვრებო მოხმარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. პროექტის შედეგებით ხეობის 1 200 მცხოვრები ისარგებლებს.
წინასწარი გათვლებით, მაჭახელას ხეობაში მზის ენერგიის გამოყენება წელიწადში 900 კუბურ მეტრ შეშას დაზოგავს, რაც დაახლოებით 300 ხის შენარჩუნებასა და 7 ტონა ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირებას უტოლდება.
26 მარტს, მაჭახელას ხეობას ანა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ეწვია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ზაზა შავაძესთან, და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად, იგი სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მზის ენერგიის გამოყენებაზე გაესაუბრა.
მაჭახლის ხეობის მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამისა და იაპონიის ერთობლივი ინიციატივის ნაწილია, რომელიც ტყის დაცვასა და განახლებადი ენერგიის ხელშეწყობას ემსახურება. 545,000 დოლარის ღირებულების 12-თვიანი პროექტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ამ პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა და იაპონია ხელს უწყობენ საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას ტყის რესურსების მდგრად მართვაში და ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე.
გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტს წვლილი შეაქვს საქართველოს მიერ პარიზის ხელშეკრულების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებაში: 2030 წლისთვის, ტყის მიერ ნახშირბადის შთანთქმის გაზრდა 10 პროცენტით 2015 წელთან შედარებით და სათბურის აირების ემისიების შემცირება 30-35 პროცენტით 1990 წელთან შედარებით.

ასევე დაგაინტერესებთ