მაღაროელები მოითხოვენ, რომ შპს “მაღაროელის” დირექტორმა თანამდებობა დატოვოს

ჭიათურელი მაღაროელები მოითხოვენ, რომ შპს “მაღაროელის” დირექტორმა, ანდრიი ბარაბახმა თანამდებობა დატოვოს. ანდრიი ბარაბახზე, შპს “მაღაროელის” დირექტორად 2023 წლის პირველ ივნისს
დაინიშნა.
მაღაროელები ამბობენ, რომ თუ ხვალ დილამდე დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს, ჭიათურაში პროტესტი განახლდება და შპს “მაღაროელი” მუშაობას შეაჩერებს.
ივნისის აქცია დამთავრდა, 3 თვის ვადა აიღეს, მაგრამ უკვე მეექვსე თვე იწურება და პრობლემები უფრო იმატებს და ახალ-ახალი იბადება. ძველი არ მოგვარებულა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ დარკვეთის მაღაროსთან დაკავშირებით იყო პრობლემა. შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ ბარაბახმა მეორე დღესვე მოიტყუა, რომ თითქოს შეთანხმება არ ყოფილა. ეს ადამიანი ჭიათურის გადასარჩენად და ჭიათურის ასაღორძინებლად არ არის ჩამოსული. ამ დასკვნამდე მივედით ყველა ჩვენგანი. ეს ადამიანი არის ჩამოსული იმისთვის, რომ თვითონ იშოვოს, თვითონ რაღაც მოგებაზე გავიდეს და წაიღოს ქვეყნიდან, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. დღეს დავუანონსეთ ბატონ ბარაბახს, ვიყავით კაბინეტში და დიალოგის რეჟიმში მშვიდად, წყნარად ავუხსენით რატომ და რისთვის ვითხოვთ მაგ ადამიანის წასვლას ჭიათურიდან. ხვალ დილამდე ვაძლევთ დროს, ჩაალაგოს თავისი ნივთები. თუ ხვალ ჩვენთან არ მოვა ინფორმაცია განცხადების დაწერის და გადადგომის შესახებ, ვაძლევ პირობას, რომ ხვალ დილიდან შპს მაღაროელი შეაჩერებს მუშაობას. ისეთ პროტესტის რეჟიმს გამოაცხადებს, როგორიც იყო სულ ერთი კვირის წინ დარკვეთის მაღაროსთან დაკავშირებით. ბარაბახის გამო პროტესტის ნიშნად არ ვიმუშავებთ და არ გამოვა არც ერთი კილო ქართული მადანი და შავი ოქრო და ვერ გასხვისდება, ბარაბახის საკეთილდღეოდ და იმ ინვესტორის საკეთილდღეოდ, რომელსაც უნდა, რომ ჭიათურიდან მხოლოდ ქონება გაიტანოს“, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე [პუბლიკა]
შეგახსენებთ, რომ მაღაროში დასაქმებულები 1 დეკემბერს გაიფიცნენ, მათ სოლიდარობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულმა ყველა მაღარომ გამოუცხადა, რის შედეგადაც გაჩერებული იყო 13 მაღარო, 1 700-მდე დასაქმებული კი გაფიცული.

5 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დარკვეთის მაღარო 3 იანვრიდან 12-საათიან რეჟიმზე გადავა, 1 თებერვლიდან მათი ხელფასი გაუთანაბრდება სხვა მაღაროებში 12-საათიან რეჟიმზე მომუშავეთა ხელფასებს.