მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, ონის მერიაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია| “მთის ამბები”

მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ინციდენტის ნაწილს ონის მერი, სერგი ხიდეშელი საკუთარი ტელეფონით იღებდა. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა. “მთის ამბების” ცნობით, მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა.
“მან გააპროტესტა მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები, რასაც ინციდენტი მოჰყვა”, – წერს მედია.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს გუტაშვილი ცუდად გახდა და მას დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს.
მარიტა გუტაშვილი მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. გამოძიება ონის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.