მარგველაშვილი ზურაბიშვილს: სულისკვეთებას ვიზიარებ, ზეგინდელ შეკრებაზე არ მივალ

ყოფილი პრეზიდენტი, აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის ორგანიზებულ 13 დეკემბრის შეკრებაზე არ მივა. გეგმავს, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დახურვაზე მოქმედ და ყოფილ პრემიერებს, მინისტრებსა და ელჩებს უმასპინძლოს.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში მარგველაშვილი ამბობს, რომ შეკრების სულისკვეთებას სრულად იზიარებს, თუმცა მნიშვნელოვანია, პეტიციაზე ხელმოწერა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც შესთავაზონ. მისივე სიტყვებით, მოქმედმა პრეზიდენტმა “საჯაროდ არ გაუსვა ხაზი, რომ [ყოფილი] პრეზიდენტი იქ უნდა იყოს”.
“მიხეილ სააკაშვილს არ შესთავაზო ხელის მოწერა, ჩემი აზრით, ცოტა უცნაურია. ზეგინდელ შეკრებაზე არანაირად არ მივალ, როდესაც პრეზიდენტი პრეზიდენტს არ იწვევს… მიუხედავად იმისა, რომ ამ შეკრების სულისკვეთებას ვიზიარებ, მოვუწოდებ ყველას, მივიდეს… მე როგორ დავიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი, თუ იმ შეკრებაზე მივალ, სადაც პრეზიდენტი პრეზიდენტმა არ მიიწვია, უფრო სწორედ საჯაროდ ხაზი არ გაუსვა, რომ პრეზიდენტი იქ უნდა იყოს”, – ამბობს მარგველაშვილი.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიწვევა მიიღო, თუმცა უპასუხა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვის ვალდებულება აქვს:
“ვუთხარი, რომ კარგია ერთობა, მაგრამ ვალდებულება მაქვს, დავიცვა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ამას ვაკეთებდი მე, როდესაც მიპირისპირდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლება, მუდმივად ვიცავდი პრეზიდენტის ინსტიტუტს. ახლა კიდევ მომიხდა ამ ინსტიტუტის დაცვა”.
სალომე ზურაბიშვილი 13 დეკემბრის შეკრებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცემს კამპანიის ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს. 9 დეკემბერს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდის დროს მან კამპანიის დასკვნით შეკრებაზე ისაუბრა:
“მე მგონი, ამ ღონისძიებას ასევე დაესწრებიან (და ესეც გზავნილია) და ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს, რადგან მოწვეულია საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი, დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი: პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ევროპისკენ სვლაში. ეს არის ის კონსენსუსი, ის დეპოლარიზაცია და ის ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს.
ეს არ ნიშნავს, იმას, რომ უცებ, რაღაც ჯადოსნური ჯოხით ყველა ერთ აზრზე შეჯერდება – არა! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის პატივისცემა იმ დონეზე, რომ მთელი საზოგადოების მიერ გაზიარებული ამ კონკრეტული გეგმის ირგვლივ, ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ ვინ მეტი, თუ ვინ ნაკლები გააკეთა, ვინ დააშავა, თუ ვინ არ დააშავა, ცოტახნით, თუნდაც ამ საახალწლო პერიოდში, გავჩუმდეთ და შევირგოთ ალბათ დადებითი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში, ესაა ჩვენი რწმენა, ჩვენი იმედი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს სხვა წვდომა, რადგანაც ეს არის ევროპულ საბჭოს წევრი, თითოეული თავისუფალი ქვეყნის გადაწყვეტილება”.
საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია “შენი ხმა ევროპას” დაიწყო 8 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას შეეხებოდა.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო – 27 წევრი ქვეყანა 15 დეკემბერს გამოაცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ