მამუკა მდინარაძე – ადგილი აქვს კოორდინირებულ ქცევას, რათა ლგბტ პროპაგანდა და უფლებები გააიგივონ – გუშინ ისინი ცისარტყელამ გააერთიანა, იყვნენ აჟიტირებული, მართლა პროპაგანდისტები არიან – ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს

ჩემი ვარაუდია, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს დიდი ფინანსები დგას – გამოაქვეყნონ ფინანსები და უარყონ, რომ პროპაგანდის მხარდაჭერაში ფული არ იხარჯება! ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას და თვითკრიტიკულად ვამბობ: – ვაბრალებ მათ, რომ ლგბტ პროპაგანდისთვის ფინანსების დიდი ნაწილი იხარჯება – უთხრან დამფინანსებლებსა და მოქალაქეებს, რომ ეს არის მართალი ან ტყუილი! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის ლიდერმა მ გააკეთა.
მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მხრიდან დაწყებულია კოორდინირებული კამპანია, რომლის წარმოება დიდი ფინანსების გარეშე შეუძლებელია.
„ადგილი აქვს კოორდინირებულ ქცევას, რათა ლგბტ პროპაგანდა და უფლებები გააიგივონ და დაახლოვონ. ჩვენი მიზანია, უფლებები და პროპაგანდა ერთმანეთს დავაშოროთ და უფლებებს არავინ შეეხოს. ამაზე იბრაზებენ თავს! უფლებების დაცვის ხარისხი აბრაზებთ?! ჩვენ ვეუბნებით, უფლებების დაცვის ხარისხი გავზარდოთ! – ამაზე ბრაზდებიან? პროპაგანდა ავკრძალოთ! – ამაზე ბრაზდებიან? გვითხრან!
გუშინ ისინი ცისარტყელამ გააერთიანა – რაც ჩვენ ვერ ვქენით, ის ცისარტყელამ ქნა! სხვა მხრივ გაერთიანება ვერ გაბედეს და ცისარტყელამ და მისმა ფერებმა გააერთიანა. იყვნენ აჟიტირებული და გახარებული. მართლა პროპაგანდისტები არიან – ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.
„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.