ლევან იზორია – პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იქნება საქართველოსადმი გერმანიის მხარდაჭერის გაძლიერების და განმტკიცების შესაძლებლობა

ნიშანდობლივია ევროპაში ბრიუსელის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში, რომლის ფარგლებში ის შეხვდება თავის კოლეგას, ბატონ კანცლერს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტი ორმხრივ ურთიერთობებს ახალ იმპულსს შესძენს.
“კანცლერის ოფისში პრემიერს მიიღებენ სამხედრო პატივით, ასევე საქართველოს მთავრობის მეთაურს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს ფედერალურ პრეზიდენტს და ბუნდესტაგის პრეზიდენტს. გერმანია ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს მხარდამჭერი ლიდერი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ეს ვიზიტი იქნება ამ მხარდაჭერის გაძლიერების და განმტკიცების დამატებითი შესაძლებლობა. მთავარი თემები ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმებისა და იმ 9 პრიორიტეტის განხილვა იქნება, რომელიც წარმატებით სრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში ასევე დამატებითი იმპულსები შეიქმნება ორმხრივი ურთიერობების განსამტკიცებლად, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ჩვენ მომავალ კვირას გვექნება ასევე საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ფორუმი, ასე რომ თანამშრომლობის ფართო სპექტრი იქნება განხილული როგორც გეოსტრატეგიული კუთხით, ისე საერთო გამოწვევების კუთხით რეგიონში. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გააქტიურდა ასევე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამონაწილეობა, როგორც ლიდერი ქვეყნის, რომელსაც სურს, გახდეს ღირსეული წევრი ევროპული გაერთიანებისა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ველოდებით ამ ურთიერთობების ახალ, მაღალ საფეხურზე აყვანას,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

ასევე დაგაინტერესებთ