ლევან გოგიჩაიშვილი გახარიას გუნდს შეუერთდა

ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ გახარიამ თვითონ ისაუბრა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
მანამდე გოგიჩაიშვილი იმყოფებოდა გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის, “საქართველოსთვის” ყრილობაზე. ის გახარიასთან ერთად გამოჩნდა ბათუმშიც, საფეხბურთო მატჩზე, რომელიც ქართველ ვეტერანებსა და ინტერის ლეგენდებს შორის ჩატარდა.
გახარიას თქმით, ის ამაყობს გოგიჩაიშვილთან ურთიერთობით და ახსოვს, როგორ პრინციპულად იცავდა ეს უკანასკნელი დეპუტატობისას თავისი ამომრჩევლის ინტერესებს.
ასევე, გახარიას თქმით, გოგიჩაიშვილი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ კანონპროექტზე მუშაობდა და ამ კუთხით მან დაასახელა აზარტული თამაშებზე კანონპროექტი და ხმაურის რეგულირების კანონი, რომლის თაობაზეც, ექსპრემიერის თქმით, არაერთი დებატები და დავებიც ჰქონია.
ლევან გოგიჩაიშვილი 2016-2020 წლებში იყო საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნების” სახელით. მან პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წელს დატოვა მოსამართლეების საკითხზე მმართველ გუნდთან უთანხმოების გამო, რის შემდეგაც ოპოზიციაში გადაინაცვლა. გოგიჩაიშვილი ენმ-ის ხელისუფლების აქტიური ოპონენტიც იყო. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებულიც იყო და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წელს დატოვა პოლიტპატიმრის სტატუსით.