“კონსულტაციები გვაქვს, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის მექანიზმი გახანგრძლივდეს”-ლევან სილაგავა

საქართველოში 10 ივნისიდან 1 ტონა ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი, ხოლო 10 ოქტომბრიდან 250 ლარიანი გადასახადი მოქმედებს. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ შესაბამისი გადასახადის ამოქმედებას დადებითი ეფექტი ჰქონდა როგორც კომპანიებზე ისე სახელმწიფოზე.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყოველთვიურად იმპორტიდან მიღებული გადასახადებისგან სახელმწიფო 2 მილიონი ლარის შემოსავლის აკუმულირებას ახერხებს. მიღმა ამისა სრული დატვირთვით მუშაობენ წისქვილკომბინატები. აღნიშნული გადასახადი ფქვილი იმპორტზე მომავალი წლის მარტამდე მოქმედებს, თუმცა ლევან სილაგავას თქმით, აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა უნდა გახანგრძლივდეს.
“რეალურად ველოდებით მარტს, ახალი ანალიტიკის გამოქვეყნებას, მაგრამ მანამდე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ ეს მექანიზმი გაგრძელდეს. გაგრძელდეს იმიტომ, რომ ეს სტაბილურობა შენარჩუნდეს, ახალი ხორბლის მოსავალი, რომელიც 2024 წლის ივნისში იქნება რეალიზებული იყოს წისქვილკომბინატების მიერ და შესაბამისად ამ სქემამ კარგი დადებითი ეფექტი მოგვცა. იმ შემთხვევაში თუ შეიცვალა საკანონმდებლო მიმართულება დან და მოიხსნა გადასახადი, რა თქმა უნდა, აქედანაც მოხსნილი იქნება გადასახადი. აქ ლაპარაკია მხოლოდ იმ პირობებზე, როდესაც თანაბარ პირობები არის იმპორტს და ადგილობრივ წარმოებას შორის”, – ამბობს ლევან სილაგავა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში საკითხთან მიმართებით აცხადებენ, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გადაწყვეტილება ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
“დღეს ამ საკითხზე ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით, უნდა დავაკვირდეთ პროცესებს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება იცით რატომაც მივიღეთ. მივიღეთ იმიტომ რომ დავხმარებოდით ჩვენს ფერმერებს ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციაში. ფქვილთან და ხორბალთან მიმართებით ის გადასახადი, რომელიც იმ ქვეყანას აქვს დაწესებული საიდანაც ხორბლის იმპორტი ხორციელდება.
დღევანდელი მოცემულობით ჩვენ ვაკვირდებით ამ სიტუაციას ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ხორბლის იმპორტი, ასევე მიმდინარეობს პროცესი ქართული ხორბლის ჩაბარების, ამ დროისთვის 50 000 ტონაზე მეტი არის ჩაბარებული წისქვილკომბინატების მიერ, ფქვილის იმპორტიც ხორციელდება უფრო შემცირებული მასშტაბით. ვნახოთ, დავაკვირდეთ და როცა დრო მოვა იმ მომენტში სექტორთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.