კომისიამ გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობას მხარი დაუჭირა | საკრებულოში ხმაურიანი სხდომაა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ გმირთა მოედანზე ცათამბჯენების პროექტი დაამტკიცა. პროექტს საკრებულო ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე განიხილავს. საუბარია ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 50-სართულიანი 2 ცათამბჯენის აშენებაზე.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მშენებლობა თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძს საბოლოოდ მოკლავს და დედაქალაქსაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. “ეს არის ურბანული გენოციდის ყველაზე თვალნათელი მაგალითი” – თქვა “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ. მისი განცხადებით, ის რაც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე იგეგმება ქალაქის წინაშე დანაშაულია. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა კი თქვა, რომ ცხოვრების ნახევარს ფაქტობრივად თბილისის მოსახლეობა საცობებში ატარებს, არაგონივრულად დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო კი კიდევ უფრო დიდი პრობლემები გაჩნდა. ოპოზიციამ “ოცნებას” 13 ივნისის ტრაგედიაც შეახსენა.
“ამ ადამიანების ისტერიას რომ ვხედავ, მით უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი პროექტია რაც დედაქალაქში განხორციელდება მომავალში. თავიანთი ტელევიზიებით ცდილობდნენ, რომ ეს პროექტი გამოეცხადებინათ ურბანული გენოციდი და ახალ სიტყვებს იგონებენ. ვალდებულებაში დევს, რომ ლაგუნა ვერე აღდგეს და ეს ისტორიული აუზი ისევ დაუბრუნდეს დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ისევ ისარგებლონ ყველა ასაკის ადამიანებმა და იყოს ლამაზი, მოწესრიგებული”, – თქვა გლდანის მაჟორიტარმა, კოტე ზარნაძემ.
10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე “ქართუ ფონდმა” გაყიდა, მფლობელი კი შპს “ნეო სითი დეველოპმენტია”. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის სამგზის მოწვევის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია. ვერულაშვილის სიძის ეგორ აბრამოვის ოჯახი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მიერ. სიძის მამა ალექსანდრ აბრამოვი, რუსი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორია და ბრიტანეთის სანქციების სიაშიც სწორედ მასთან კავშირის გამო მოხვდა.