კლუბები, „ხიდი“ და „ბასიანი“ აკრიტიკებენ „ოცნების“ დაანონსებულ ანტი-ლგბტ ცვლილებებს

კლუბები, „ბასიანი“ (BASSIANI) და „ხიდი“ (KHIDI) აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ლგბტ პირთა უფლებების შეზღუდვაზე.
„ე.წ „LGBTQI+ პროგაპანდის“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და წარმოებული საკანონმდებლო ინიციატივა ინსტიტუციური ჰომოფობიის აშკარა გამოვლენაა“, – წერს კლუბი KHIDI 29 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
„მაშინ როდესაც ლგბტქ ადამიანები, მათი უფლებების დაცულობის კუთხით, არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უთანასწორო მოპყრობის რისკის წინაშე იმყოფებიან, ხელისუფლება, ნაცვლად იმისა რომ დგამდეს ქმედით ნაბიჯებს მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აღნიშნული პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობასა და წლების განმავლობაში სისტემურად მარგანილიზებული ჯგუფის მეტად იზოლირებას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კლუბს მნიშვნელოვნად მიაჩნია დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაცია. „გვჯერა, მსგავსი მავნებლური ინიციატივები განწირულია მარცხისთვის, რადგან ჩვენ ვართ ევროპული, ტოლერანტული და თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ხელოვნურად გაჩენილ კრიზისს, მუდმივად საკადრისად პასუხობს“, – წერია KHIDI-ს განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ ინიციატივას გამოეხმაურა კლუბი BASSIANI-ც.
27 მარტს გავრცელებულ განცხადებაში „ბასიანი“ „მავნებლურს“ უწოდებს საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას, ე.წ “ლგბტ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონის შესახებ.
კლუბი წერს, ასეთი კანონი „პირველად რუსეთში შეიქმნა და მას შემდეგ, მისი მიღება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გახდა შესაძლებელი, რომელსაც ულტრამემარჯვენე, ფაშისტური მთავრობები მართავენ“.
„ჰომოფობიური ინიციატივა წარმოადგენს პირდაპირ, აგრესიულ შეტევას ქვიარ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში განიცდიან ინსტიტუციონალიზებულ ზეწოლას პოლიტიკური და რელიგიური ისტებლიშმენტის მიერ, რომლებიც ხელოვნურად აღვივებენ კონფლიქტებს, საზოგადოებრივი ჯგუფების დაყოფისა და ამ გზით, მათზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„ეს არის ხელისუფლების ამაო მცდელობა, ჩაახშოს ყველა კრიტიკული ხმა. კანონი სრულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას საჯარო და თავისუფალი სახელოვნებო საქმიანობის ფაქტობრივად ყველა სფეროზე“, – მიაჩნიათ „ბასიანში“.
კლუბების თანახმად, საფრთხე ემუქრება საკლუბო კულტურას, ქვიარ წვეულებებსა და ბოლო წლების განმავლობაში შექმნილ დრეგ კულტურას, რომელიც თანამედროვე ქართული ალტერნატიული კულტურის მონაპოვარია.
„საზოგადოებრივი მორალისა და ოჯახის ღირებულებების დაცვის მოტივით ამ კანონის მიღება არის პოპულისტური აბსურდი. ქართულ საზოგადოებას, და მოწყვლად ჯგუფებს დღეს დაცვა სჭირდებათ პირველ რიგში უთანასწორო, გულგრილი და არაადამიანური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისგან, რომელმაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ტანჯვისთვის გაწირა და ქვეყნიდან გაქცევა აიძულა, და რომლის შემქმნელიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლასი“, – წერს „ბასიანი“.
25 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლის მიღების შემთხვევაშიც პროპაგანდის აკრძალვის საფუძვლით შეიზღუდება ლგბტ ადამიანების უფლებები.
პარტია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების რაოდენობა. მდინარაძემ თქვა, რომ თუკი კონსტიტუციის შესწორებას ამ მოწვევის პარლამენტში ვერ შეძლებენ, „ქართულ ოცნებას“ იგივე მიზანი ექნება მომავალ პარლამენტში, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში აირჩევა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ