კლანი კვლავ შეეცდება გავლენების გაძლიერებას — კოალიცია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის მიიჩევს, რომ ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში დღეს, 24 მარტს, კვლავ შეეცდება თავისი გავლენების გაძლიერებას.
ამის შესახებ ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, რომელიც ეხება მოსამართლეთა XXXII კონფერენციას. ღონისძიება სწორედ დღეს იმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მდივნის არჩევაზე, ასევე „სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“ იმსჯელებენ.
„მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება მართლმსაჯულების სისტემური რეფორმების თაობაზე ევროკომისიის დათქმის დისკრედიტაციის მცდელობის ფონზე. სასამართლოს სისტემის გაჯანსაღება ევროკავშირის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნაა და შესაბამისად, ამ კონფერენციის თითოეულ ასპექტს დააკვირდება არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს მნიშვენლოვანი გავლენა ექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვისაც,“ — აცხადებს კოალიცია, რომელიც საქართველოში მოქმედ წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს.
კოალიციის განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენციებზე დაკვირვების წინარე გამოცდილებამ აჩვენა, რომ „სასამართლო თვითმმართველობის ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი, ძირითადად, პოლიტიკური მხარდაჭერის მქონე მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის, გასაძლიერებლად გამოიყენებოდა.“
„კონფერენციის დღის წესრიგიდან გამომდინარე და მითითებული გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კლანი კვლავ შეეცდება მართლმსაჯულების ადმინისტრირების წამყვან თანამდებობაზე მისდამი ნდობით აღჭურვილი პირები აირჩიოს. ამის საფუძველზე კი, მოსამართლეთა მოჩვენებითი ერთიანობით მოხდება განსხვავებული აზრის მქონე პირთა, მათ შორის, იმ მოსამართლეების დისკრედიტაცია, რომლებიც მზაობას გამოხატავენ, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნებისთვის, გადამოწმდეს მათი კეთილსინდისიერება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება კონფერენციაზე მოსამართლეთა მიერ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის თუ პარტიული ინტერესებისგან დაცლილი ჯანსაღი პოზიციების დაფიქსირებას. გამოვთქვამთ იმედს, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა გაუმკლავდება პოლიტიკურ, პროფესიულ თუ პირად თავდასხმებს და 2024 წლის 24 მარტს გასამართ კონფერენციაზე გავლენიანი ჯგუფის მიერ მართლმსაჯულების ინტერესების და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი მიმართვის წარდგენის შემთხვევაში, მხარს არ დაუჭერენ მას,“ — აცხადებს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – კატეგორიულად მივმართავ, ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე – ნურც ერთ ადამიანს ნუ დააძალებთ, თუ არ უნდა წამოსვლა

ანა ფოტიგა – ჩვენ ვხედავთ მცდელობას, კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე, საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა – მოსახლეობა მასობრივად ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ