კინოთეატრები გაასაჩივრებენ კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას

საქართველოს 6 კინოთეატრი, რომლებიც კონკურენციის სააგენტომ სოლიდური თანხით დააჯარიმა, ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას განუცხადა მათმა პრესსამსახურმა.
დღეს, 9 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრებს დაუდგინა “კონკურენციის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დარღვევა და 1 120 562 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს გადაწყვეტილებით გაირკვა, რომ შპს “სადისტრიბუციო კომპანიასა” და შპს “თინეთს” შორის დადებული ხელშეკრულებით, კინოთეატრების ბილეთები ექსკლუზიურად მხოლოდ tkt.ge-ზე იყიდებოდა.
დაკისრებული ჯარიმები:
· “სადისტრიბუციო კომპანიას” (“სადისტრიბუციო კომპანია”, შპს “კავეა საბურთალო”, შპს “კავეა გალერეა”, შპს “კავეა თბილისი მოლი”, შპს “რუსთაველი ჰოლდინგ სინემა”, შპს “ამირანი”, შპს “აპოლო ”) – 1 120 562 ლარი;
· შპს “თინეთს” (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) – 544 328 ლარი.
· ჯარიმა (5368 ლარი) ასევე დაეკისრა საჩივრის ავტორს, შპს “ელ.ბილეთებსაც” (biletebi.ge), სწორედ იმის გამო, რომ ისიც “ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას”.
რადიო თავისუფლება ცდილობს tkt.ge-სთან დაკავშირებასაც.
“სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ – შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა”, – წერია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ