კიბო „ახალგაზრდავდება“ და ექიმები ჯერჯერობით მიზეზს ვერ პოულობენ

კიბო აღარ არის „სიბერის დაავადება“, ის სულ უფრო მეტად ვლინდება ახალგაზრდებში, აღნიშნავენ ამერიკელი ექიმები. მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა მთელ მსოფლიოში და მიზეზი გაურკვეველია – არაჯანსაღი ცხოვრების წესი სრულყოფილად ვერ ხსნის სიტუაციას.
კიბო უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას აწუხებს მთელს მსოფლიოში: -ში დიაგნოსტიკის მაჩვენებელი 20 წლის განმავლობაში გაიზარდა 12,8%-ით და ჟურნალში BMJ Oncology გამოქვეყნებულმა კვლევამ 50 წლამდე კიბოს მქონე პაციენტების რაოდენობის მკვეთრი გლობალური ზრდა აჩვენა, ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში, დასავლეთ ევროპასა და ავსტრალიაში, წერს Wall Street Journal.
„პაციენტთა ასაკი ახალგაზრდავდება. ეს არის ალბათ რაიმე სახის გარემოს ცვლილება, რაღაც ჩვენს საკვებში, ჩვენს მედიკამენტებში ან რაღაც რაც ჯერ არ არის გამოვლენილი,” – ამბობს დოქტორი ანდრეა ჩერჩეკი, რომელიც ხელმძღვანელობს პაციენტებში კუჭ-ნაწლავის კიბოს ადრეული გამოვლინების პროგრამას, ნიუ იორკში Memorial Sloan Kettering Cancer Center-ში.
მის დაკვირვებებს ეხმიანება დოქტორი მონიკ გარი, პენსილვანიის Grand View Health-ის კიბოს პროგრამის დირექტორი: „ჩვენ ვხვდებით სულ უფრო მეტ ახალგაზრდას, ეს კი არ შეესაბამება კლასიკურ სწავლებას, რომ კიბო სიბერის დაავადებაა“.
ასეთი დინამიკის მიზეზის ძიებას ექიმები ჩიხში შეჰყავს, აღნიშნავს გამოცემა. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეს გამოწვეულია ცხოვრების წესის ცვლილებით – ნაკლები ფიზიკური აქტივობა, მეტი დამუშავებული საკვები, ახალი ტოქსინების გაჩენა, მიკროპლასტიკა, სიმსუქნე. თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სიმსუქნე და ცხოვრების წესის არჩევანი ბოლომდე არ ხსნის სიტუაციას.
„ბევრი ახალგაზრდა პაციენტი ძალიან ჯანმრთელია“, – აცხადებს დოქტორი ნენსი იუ, ტეხასის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი, ანდერსონის კიბოს ცენტრში კოლორექტალური კიბოს ქირურგი.
2020 წელს 43 წლის მსახიობი ჩადვიკ ბოსმანი გარდაიცვალა მსხვილი ნაწლავის კიბოთი, იხსენებს WSJ, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო კოლორექტალური კიბოს გავრცელებაზე 50 წლამდე ასაკის ადამიანებში. ეს ტენდენცია უკვე ათი წელია აწუხებს ონკოლოგებს. ექსპერტების აზრით, სხვა სახის კიბოს, მათ შორის პანკრეასის, აპენდიქსის, კუჭისა და საშვილოსნოს კიბოს შემთხვევების ასაკობრივი ზღვარიც ანალოგიურად ეცემა.