კვლევა: აზიური სპილოები შესაძლოა თავიანთ მკვდარ სპლიყვებს მარხავენ

ინდოეთში მეცნიერებმა პირველად აღწერეს შემთხვევები, როცა აზიური სპილოები თავიანთ მკვდარ სპლიყვებს მარხავენ. ამის შესახებ კვლევა საფრთხის წინაშე მყოფი ტაქსონების ჟურნალში გამოქვეყნდა.
მკვლევართა მიხედვით, ჩრდილოეთ ბენგალში, ჩაის ბაღების წყალსარინ არხებში ხუთი სპლიყვი დამარხული აღმოაჩინეს.
კვლევის ავტორის, აკაშდიპ როის თქმით, ის და მისი თანაავტორი, პარვინ კასვანი ადგილზე სხვა კვლევის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ, როცა სპლიყვების სამარხების საბუთები იპოვეს.
„ცხადია, ამით გაკვირვებულები ვიყავით“. – თქვა როიმ.
როის თქმით, უკვე ცნობილი იყო, რომ აფრიკული სპილოები თავიანთ მკვდარ ნაშიერებს მარხავენ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მეცნიერებმა მსგავსი ქცევა აზიურ სპილოებშიც შენიშნეს.
როიმ აღნიშნა, რომ მათ მიერ აღწერილი სამარხები ფრაგმენტირებული ტყეების არესა და სასოფლო-სამეურნო მიწებზე, მაგალითად ჩაის ბაღებში, მდებარეობდა. მისი თქმით, სპილოები მკვდრებს სოფლებში ადამიანების მხრიდან ჩარევის საფრთხის გამო არ მარხავენ, ხოლო ჩაის ბაღების წყალსარინი არხები სპლიყვების დასამარხად „იდეალური ადგილია“.
მკვლევარმა დაამატა, რომ წარსულში სპილოები ხშირად მხოლოდ ტყეებში ბინადრობდნენ, ხოლო ახლა ადამიანთა მიერ დასახლებულ ადგილებში უფრო მეტად კომფორტულად მოძრაობენ.
როის თქმით, დააკვირდნენ, უბრუნდებოდნენ თუ არა აზიური სპილოები სამარხებს ისევე, როგორც აფრიკული სპილოები, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ, პირიქით, ისინი სამარხ ადგილებს თავს არიდებენ.
მეცნიერმა CNN-თან საუბრისას თქვა, რომ ჩრდილოეთ ბენგალსა და ასამში სპლიყვების მეტი სამარხის ძიებას დაიწყებს. მისი თქმით, ჯგუფი დრონებს გამოიყენებს და ჩაის ბაღების მენეჯერებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვს, რომ შემჩნევის შემთხვევაში სამარხებზე ინფორმაცია მიაწოდონ.
ფსიქოლოგიის ასისტენტ-პროფესორი ჰანტერის კოლეჯში, ჯოშუა პლოტნიკი, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, მიიჩნევს, რომ ამ აღმოჩენის ასახსნელად უფრო მარტივი თეორიაც შეიძლება მოიძებნოს.
„მართალია, ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა სპილოები სპლიყვების კარკასებს ატარებდნენ, მაგრამ ჩემი ცოდნით, არცერთ ჩემს კოლეგას, მათ შორის მათ, ვინც სპილოებს ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდა, არ უნახავს, თუ როგორ მარხავენ სპილოები თავიანთ მკვდრებს“. – თქვა პლოტნიკმა.
პლოტნიკის თქმით, უფრო სავარაუდოა, რომ სპლიყვები არხებში ჩავარდნენ, ვერ გამოვიდნენ და იქვე დაიხოცნენ, ხოლო მიწა ან სიკვდილის შემდეგ ბუნებრივად დაეყარათ, ან მაშინ, როცა ჯგუფის სხვა წევრები მათ გამოყვანას ცდილობდნენ.
„მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ მეტი საბუთია საჭირო, მაგალითად, დამარხვის პროცესისა და სპილოების ქცევის უშუალო დაკვირვება, სანამ აქ მომხდარზე რაიმე დასკვნის გამოტანა იქნება შესაძლებელი“. – თქვა პლოტნიკმა.
როი ამ ალტერნატიულ ახსნებს ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მკვდარ სპლიყვებს ზურგზე დაზიანებები აღენიშნებათ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამარხამდე ჯგუფის სხვა წევრებმა მიიყვანეს.