„კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება – რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება“ – ირაკლი ნადარეიშვილი

„როდესაც ვსაუბრობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული საბანკო სექტორი, მაგრამ გვაქვს ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი კაპიტალის ბაზარი. ამავე დროს ბიზნესს და ეკონომიკას სჭირდება როგორც კაპიტალის მოზიდვის, ასევე ინვესტირების დივერსიფიცირებული და სხვადასხვა რისკის პროფილის მქონე ინსტრუმენტები. რომ შევედაროთ განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, -ში კაპიტალის ბაზრის ზომა მშპ-ს აჭარბებს დაახლოებით 150 პროცენტით, პოლონეთში ეს მაჩვენებელი შეადგენს 40 პროცენტს, ჩვენ ვსაუბრობთ, დღევანდელი მოცემულობით, 5-6 პროცენტზე საქართველოში, თუმცა, არაერთგზის ითქვა, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რაც აშკარა და დათვლადია” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „მარეგულირებელი გარემო,” რომელიც საპენსიო სააგენტოს 2023 წლის და ბოლო 5 წლის საინვესტიციო საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში გაიმართა.
როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს, ახალ აქტიურ ფაზაში შედის. მისი შეფასებით, ამის მყარ საფუძველს წარმოადგენს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შარშან მაგალითად გაორმაგდა სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რაც პირდაპირი ინდიკატორია რომ ბაზარი იწყებს სწრაფ განვითარებას.
„გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ მარტივი ინტერვენციით არის შესაძლებელი ამ ბაზრის სტიმულირება – დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ახალი პროგრამა, რომლის მიზანია ბიზნესისთვის ალტერნატიულ ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობაა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. ასევე წელს პარტნიორებთან ერთად უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა წილობრივი საინვესტიციო ფონდების შექმნის ხელშეწყობაზე, რომლებიც, მათ შორის, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი საინვესტიციო ინსტრუმენტი საპენსიო ფონდისთვის” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პორტფელებში მობილიზებული კაპიტალის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემა, მათ შორის მართვაში პროფესიონალური კომპონენტის გაძლიერების გზით.
„ჩვენ საპენსიო ფონდს და სააგენტოს ვუყურებთ, როგორც მზარდ ორგანიზმს. პარტნიორებთან და კოლეგა უწყებებთან ერთად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ წელს პარლამენტს წარვუდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური მართვის მოდელის ჩამოყალიბებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ, რომ ეროვნული ბანკი იყოს არა მხოლოდ საინვესტიციო ნაწილის, არამედ მთლიანი საპენსიო სქემის ზედამხედველი.” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.