„ისთ ფოინთის“ მეორე ფაზის გახსნა 2025 წელს იგეგმება – ინვესტიცია $40 მილიონია

Quadrum Georgia-ს მარკეტინგის დირექტორის თეიკო ლომინაძის განცხადებით „ისთ ფოინთის“ მეორე ფაზის სამუშაოების დასრულება და გახსნა 2025 წელს იგეგმება. სავაჭრო ცენტრის განვითარების გეგმაზე მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა.
მისი ინფორმაციით,სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთს” 25 000 კვ.მ მოცულობის კომერციულ ფართი დაემატება, რომელიც ბრენდებით იქნება დატვირთული, მათ შორის ახალი ბრენდებითაც, რომელთანაც კომპანია ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„2019 წელს „ისთ ფოინთის“ გაფართოებას ვგეგმავდით, თუმცა მსოფლიოში არსებულმა მდგომარეობამ გეგმები დააპაუზა. 2025 წელს კი „ისთ ფოინთის“ მეორე ფაზის გახსნას ვგეგმავთ, რომელშიც დამატებით, დაახლოებით 40 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
თბილისში ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო ცენტრებში ადგილი აღარ არის და მხოლოდ მცირე როტაციით თუ შეძლებენ ახალი ბრენდებისთვის სივრცის გამოყოფას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდის შემდეგ ბრენდებმა ბაზარზე შესვლის სტრატეგია შეიცვალეს. ადრე თუ საქართველოს პატარა ბაზარს ეძახდნენ, რომელიც მათთვის საინტერესო არ იყო, ახლა ბრენდები უშუალოდ საქართველოთი ინტერესდებიან.
ბრენდებს თავიანთი განვითარების სტრატეგია აქვთ, რაც ბაზარზე რამდენიმე მაღაზიით შემოსვლას გულისხმობს. შესაბამისად, ახალი ბრენდები ექსკლუზიურად მხოლოდ „ისთ ფოინთში“ არ იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებს ლომინაძე.
მისივე ცნობით, ბრენდების 60% საქართველოში მომდევნო 2-3 წლის პერსპექტივაში გეგმავს შემოსვლას.
ინფორმაციისთვის, სავაჭრო და გართობის ქალაქი “ისთ ფოინთი” 72.000 კვ. მ-ს მოიცავს და 250-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებს, ასევე კინოს, გასართობ ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებს აერთიანებს. ტერიტორია 3000-ზე მეტი მანქანისთვის არის გათვლილი.