ირაკლი ხმალაძე – „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში გარკვეული ცვლილებები უკვე შევიტანეთ

ჩვენ გარკვეული ცვლილებები „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია და ახალი გზათა ქსელის შესაბამისად უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამუშაონ, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ხმალაძის თქმით, ის „ელიავას“ ბაზრობის მესაკუთრეებთან აქტიურად მართავს შეხვედრებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღონ.
„ელიავას“ ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს. მე ინტენსიურად შეხვედრებს მესაკუთრეებთან ვმართავ, კერძოდ, ერთ-ერთ მსხვილ მესაკუთრესთან. ისინი უკვე გარკვეულ გეგმარებაზე მუშაობენ, ჩვენ აქამდე თუ გვქონდა ცოტა გარკვეული შეუთანხმებლობის პრობლემები, დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ეს პრობლემა აღარ გვაქვს. ჩვენ გარკვეული ცვლილებები „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია და ახალი გზათა ქსელის შესაბამისად უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამუშაონ და ერთ-ერთი მსხვილი არეალის გეგმარებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. მე ამ დღეებში მაქვს შეხვედრები, თუმცა დეტალურ ინფორმაციას ახლა არ და ვერ გაგიმხელთ. როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება შეთანხმების ფორმატში რაიმე აქტის ოფიციალური სახით დადგენა/დამტკიცების ეტაპზე, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ უახლოს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ხმალაძემ.