„ინვესტიციები განათლებაში და „დიარჯის“ ტარიფების ცვლილება“ – კარდიოლოგი დარგის მთავარ გამოწვევებს ასახელებს

განათლებაში მეტი რესურსის ჩადება და „დიარჯის“ სისტემაში ცვლილებების შეტანა – ამ ორ საკითხს ასახელებს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის არითმოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი პაპიაშვილი საქართველოში დარგის და, ზოგადად, მედიცინის განვითარებისთვის აუცილებელ ფაქტორებად.
როგორც მან ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, მომავალი ექიმების განათლებაში დიდი რესურსი უნდა ჩაიდოს და მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ისეთ ცენტრებთან დაკავშირებაში, სადაც ისინი მეტი განათლების მიღებას და განვითარებას შეძლებენ, რათა სამშობლოში დაბრუნებისა და საკუთარი გამოცდილების ქვეყნისთვის მოხმარების მოტივაცია მიიღონ.
„ვინც საზღვარგარეთ იღებს განათლებას და ხდება კარგი სპეციალისტი, ის თუ არ ჩამოდის საქართველოში, ამას კონკრეტული მიზეზი აქვს – ხედავს, რომ აქ შეიძლება ვერ მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია. თუ ქვეყანა მოახერხებს, რომ დაახვედროს მას სათანადო პირობები, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანს, ვინც უცხოეთში წავიდა და იქ განვითარდა, ექნება სურვილი, თავის ქვეყანას მოახმაროს თავისი პოტენციალი,“ – აღნიშნა პაპიაშვილმა.
რაც შეეხება მეორე გამოწვევას – „დიარჯი“ სისტემას, გიორგი პაპიაშვილი ამბობს, რომ ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ საქართველოში მოქმედი მოდელი კარდიოლოგიას განვითარების საშუალებას არ აძლევს.„პაციენტისთვის არაფერი იცვლება და ჩვეულებრივად ვმუშაობთ, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ დარგში რაიმე ახალი ტექნოლოგიის განვითარება აღარ მომხდარა.
სურვილიც გვაქვს, კავშირებით, უცხოეთი ბევრი კოლეგა კარგად მიცნობს და მზად ვართ, ხვალვე ადგილზე გვქონდეს და დავნერგოთ ისეთი ახალი ტექნოლოგიები, როგორიც აბლაციაა. ვესაუბრე, სახარჯი მასალის ფასიც მაქსიმალურად დავაწურინეთ, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩავჯდებით იმ ჩარჩოში, რასაც დიარჯი გვიწესებს. გვაქვს ტექნიკური რესურსი, გამოცდილებაც, მაგრამ ვერ ვვითარდებით,“ – განაცხადა გიორგი პაპიაშვილმა.
მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულება მუშაობს პრინციპი, სადღაც მოიგოს და სადღაც წააგოს, მაგრამ დღეს, მისივე შეფასებით, დამაბალანსებელი ფაქტორი აღარ დარჩა. ამიტომ, პაპიაშვილის განცხადებით, ამ კუთხით ცვლილებებია გასატარებელი.
jandacva.ge