ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებული სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა აქტიურად გრძელდება – სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში სტაჟირებას გაივლიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მორიგი პრეზენტაცია პროექტის შესახებ ილიას უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც პროგრამის დეტალები სტუდენტებს სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა წარუდგინა.
უწყების ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ნიკოლოზ ყაველაშვილი.
„ხაზგასასმელია, რომ თუ სტუდენტებს ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება, მიეცემათ ანაზღაურებადი სტაჟირების მიღების შესაძლებლობა ენერგეტიკულ კომპანიებში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების განვითარებას, მანამდე არსებული თეორიული ცოდნის გაღრმავებას და ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სექტორს შეემატოს დამატებითი ჯანსაღი ძალა და მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს დაინტერესებული ენერგეტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროგრამის ფარგლებში ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდგომ, შესაძლებელია, დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება.
ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, სტაჟირების პროგრამა უნიკალურია იმითაც, რომ სტაჟირების ენერგეტიკულ კომპანიებში ჩატარების მიუხედავად, ის არ არის განკუთვნილი მხოლოდ ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებზე.
„პროგრამა გაცილებით ფართოა და დააინტერესებს სხვა პროფილის სტუდენტებსაც. იმედი გვაქვს, რომ პროგრამა სტუდენტებს შორის პოპულარული იქნება. მეტიც, მისი დასრულების შემდეგ, შესაძლოა, პროგრამის არაერთი მონაწილე რომელიმე სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიაში დასაქმდეს,” – განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უშუალოდ ენერგეტიკული მიმართულებების გარდა, სტაჟირების პროგრამის მიმართულებებია: ელექტროენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; თბოენერგეტიკა; ავტომატიზებული მართვის სისტემები; იურიდიული; ეკონომიკური; აღრიცხვის კონტროლი; აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემები; ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები; ინჟინერ-გეოდეზია; სამთო გეოლოგია/ გეოინჟინერია; გაზით ვაჭრობა; ენერგეტიკული ბაზრის მართვა; გარემოს დაცვა და ქიმია.
უწყების განმარტებით, ილიას უნივერსიტეტი ერთ-ერთია იმ ხუთ უმაღლეს სასწავლებელს შორის, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები პროგრამის პრეზენტაცია გამართავენ. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მომავალში სამინისტროსთან მემორანდუმის ხელმომწერ სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ