“იარაღის და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა” – პოლიციის დეტექტივს ბრალი წარუდგინეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს ბრალი წარუდგინეს. ის დაკავებული თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ახლობლის ყოფილ ცოლს დაემუქრა, რომ თუ შვილის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ მისცემდა, “იარაღს ან/და ნარკოტიკს ჩაუდებდა”.
“დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან.

დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. 2024 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცავმა, პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა.

დაზარალებულმა დანაშაულის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ოფისში განაცხადა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ამ ეტაპისთვის საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება მოკლე დროში ჩაატარა, დაადგინა სამართალდამცავის ვინაობა და მოიპოვა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა. ის გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყოფილ დეტექტივს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.