თბილისი მოლის ახალი სიცოცხლე იწყება – რენოვაცია მოლის ვიზიტორებს შოპინგის ახალ გამოცდილებას შესძენს

თბილისი მოლი 11 წლის არის. იუბილეს მოლი რენოვაციით ხვდება. განახლებული ინფრასტრუქტურითა და დიზაინით ის ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მომხმარებლისთვის სტუმრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
რენოვაცია მოიცავს ინტერიერის, კერძოდ, იატაკის, კედლის, ჭერის, მაღაზიის ფასადების, განათებებისა და შიდა სივრცეების მოწყობა-გაუმჯობესებას. განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეებიც, რაც ჯამში სამ სართულზეა მოწყობილი.
„თბილისი მოლი პირველი მოლია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრი შესთავაზა. 11 წელია სავაჭრო ცენტრს ერთგული ვიზიტორები და პარტნიორები ჰყავს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მუდმივად შევთავაზოთ სიახლეები და დავახვედროთ განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა. დარწმუნებულები ვართ, რომ რენოვაცია ჩვენთან მიღებულ გამოცდილებას მათთვის კიდევ უფრო საინტერესოს და დასამახსოვრებელს გახდის“, – თამარ კიკვაძე, თბილისი მოლის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
რენოვაციის პროექტს LSG Solutions-ი ხელმძღვანელობს, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია Metta ახორციელებს. პროცესი საერთაშორისო სამშენებლო და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს და ჯამში 7 თვეს მოიცავს. მოკლე დროში ხარისხიანი შედეგის მისაღწევად, მშენებლობა ინოვაციური, სწრაფად შრობადი პროდუქტების გამოყენებით მიმდინარეობს. ძირითადი სამუშაოები ღამის საათებში ტარდება, რაც თბილისი მოლს სრულყოფილად ფუნქციონირებისა და ვიზიტორების შეუფერხებლად მიღების საშუალებას აძლევს.
რენოვაციის დასრულება აპრილში იგეგმება. განახლებული თბილისი მოლი მომხმარებელს ბევრ სიახლეს უმზადებს.
თბილისი მოლი პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია საქართველოში, რომელიც 2012 წელს გაიხსნა. მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე – საბავშვო გასართობი ობიექტი, კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი, მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ