თანამშრომლობას რომ აზრი აქვს, სწორედ ამიტომ მივიღეთ დადებითი რეკომენდაცია – ოპოზიციის ნაწილი 9 რეკომენდაციაზე “ოცნებასთან” ერთად მუშაობისთვის მზად არის

ოპოზიციის ნაწილი, ევროკომისიის მიერ გაცემული 9 რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველ გუნდთან თანამშრომლობისთვის მზად არის. “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ აპირებს აქტიურად იმუშაოს იმ კანონმდებლობებზე, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად არის საჭირო.
“პირადად მე, გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღოს ის კანონმდებლობა, რომელიც არის, რეალურად, 9 რეკომენდაცია. მე ვაპირებ, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშაო ამ კანონპროექტებზე და ჩემი პოზიცია ვუთხრა “ქართულ ოცნებას”. მე ვფიქრობ, რომ თავიდან შეიძლებოდა სამუშაო ჯგუფებში შესვლა, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდებოდა, მაგრამ ახლა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს კანონპროექტები ნამდვილად შესრულდეს,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
“რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება კოლეგების იმ მოსაზრებას, რომ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობას აზრი არ აქვს.
“კატეგორიულად არ ვეთანხმები არცერთ კოლეგას, ვინც მიიჩნევს, რომ, დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, თანამშრომლობას აზრი არ აქვს. თანამშრომლობას რომ აზრი აქვს, სწორედ ამიტომ მივიღეთ დადებითი რეკომენდაცია. მთავარი გარემო, სადაც უნდა შესრულდეს ეს რეკომენდაციები, არის პარლამენტი და ეს იქნება სპეციალური სამუშაო ჯგუფები თუ რეგულარული, საპარლამენტო მუშაობა, ამას ერთობლივად გადავწყვეტთ,”- აცხადებს ხათუნა სამნიძე.
“მოქალაქეების” თავმჯდომარე აკრიტიკებს იმ კოლეგებს, რომლებიც “ქართული ოცნების” შექმნილი სამუშაო ჯგუფებში ჩართვას არ აპირებენ და ამბობს, რომ თავისი პარტია აუცილებლად მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას.
“შეიქმნება თუ არა სამუშაო ჯგუფები, ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩავერთვებით. ცანცარს მოეშვას ზოგიერთი ოპოზიციონერი. რით ვერ გამოიტანეს დასკვნა? დახურულ შეხვედრებზეც გვეუბნებიან ევროკავშირის წარმომადგენლები და ღიადაც აცხადებენ, დასხედით და ერთად იმუშავეთო, სხვაგვარად ეს სტატუსი არ იქნება. აქ არ არის ყავის დალევაზე, აქ საუბარი არის სტატუსის მიღების და შემდეგ ევროკავშირში შესვლის პერსპექტივაზე. მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ეგრეა ზოგიერთიც და მერე გამოდიან და ჩვენი დამსახურებაა, რომ სტატუსი მივიღეთო. ეტყობა, შუბლის ძარღვი რომ წყდება, იმის შეწებება აღარ შეიძლება,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ