თანამდებობას ტოვებს NAEC-ის დირექტორი სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადება ცენტრის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა. განცხადებაში იგი არ აკონკრეტებს, რა გახდა პოსტიდან წასვლის მიზეზი. სოფო გორგოძე წერს, რომ NAEC-ის დირექტორის თანამდებობას “პირადი განცხადების” საფუძველზე 1 იანვრიდან დატოვებს.
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში.
ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში”, – წერია გორგოძის განცხადებაში.
სოფო გორგოძის მიერ თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA-ს 2022 წლის ოფიციალური შედეგები. კვლევის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, ქართველი მოსწავლეების შედეგი საბუნებისმეტყველო მენიერებებში მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა, დანარჩენ ორ კომპონენტში – მათემატიკასა და კითხვაში – ქართველმა მოზარდებმა შესაბამისად 8 და 6 ქულით ნაკლები შეფასება დაიმსახურეს.
PISA-ს რეიტინგში 15 წლის ქართველი მოზარდების მონაცემები 2015 წლის შემდეგ უარესდება.