თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით ლონდონში გაემგზავრა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს გამართავენ გაერთიანებული სამეფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელ პირებთან.
როგორც ირაკლი ბერაიამ განაცხადა, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, ბრიტანელი პარტნიორებისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებისა და საქართველოს უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დეოკუპაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება, თავდაცვისუნარიანობისა და ეროვნული მედეგობის განმტკიცებაში მხარდაჭერის გაზრდა, ისევე როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების წევრი ირაკლი ჩიქოვანი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ხატია წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ