ვენეციის კომისია: ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს საკმარისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა

ვენეციის კომისიამ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ “მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩო არ უზრუნველყოფს უწყების საკმარის დამოუკიდებლობას”.
“ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერატიული ავტონომიის ადეკვატური დონით, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ღონისძიებებს პოლიტიკური ან სხვა გავლენის თავიდან ასაცილებლად, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოებისთვის ფუნდამენტურ მოთხოვნად განიხილება.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მოქმედი ინსტიტუციური სტრუქტურა არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის მქონე პირთა აქტივებისა და დეკლარაციების მონიტორინგისთვის მისი კომპეტენციები კანონში დამატებითი გარანტიების შეტანას საჭიროებს.
ამასთან, განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა და გათავისუფლება მეტწილად პრემიერმინისტრის კომპეტენციაა, რაც პრობლემურია”. – აღნიშნულია დოკუმენტში.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანონი უნდა შეიცვალოს, რათა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დასანიშნად, მრავალპარტიული მხარდაჭერა გახდეს საჭირო და მისი დანიშვნა მოხდეს პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით, ან შესაბამისი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმით, ან შესაბამისი ალტერნატივით, რომელიც ასახავს ფართო, მრავალპარტიულ შეთანხმებას. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ უნდა მიიღოს პარლამენტმა და არა პრემიერმინისტრმა.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა, 2023 წლის თებერვალში კი მის ხელმძღვანელად ქვეყნის პრემიერმინისტრმა რაჟდენ კუპრაშვილი დანიშნა.
ვენეციის კომისიას ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით დასკვნის მომზადების თხოვნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმდინარე წლის 22 სექტემბერს მიმართა.