ექსპორტირებული სპილენძის ღირებულება წლიურად 53%-ით, ხოლო ფეროშენადნობების 60.7%-ით შემცირდა

გასულ წელს ექსპორტირებული სპილენძის ღირებულება 237 მლნ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 237 მლნ დოლარამდე შემცირდა. ინფორმაციას Galt&Taggart ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში აქვეყნებს.
„ექსპორტირებული სპილენძის ღირებულება წლიურად 53%-ით შემცირდა 2023 წელს $479 მლნ-მდე. სპილენძით საგარეო ვაჭრობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტია და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული.
2024 წლის იანვარში სპილენძის ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა. მიუხედავად უმნიშვნელო ზრდისა, საინვესტიციო ფონდები სპილენძის აქციების ძლიერ ზრდას ელიან, რაც 2024 წელს ნედლეულის დეფიციტით იქნება გამოწვეული. გაზრდილი მიწოდების მოლოდინი მნიშვნელოვანი დანაკლისის მოლოდინმა ჩაანაცვლა. Cobre Panama-ს დახურვამ, რომელიც მსოფლიო სპილენძის 1.5%-ს აწარმოებდა, ბაზარზე მიწოდება შეამცირა. დამატებით, ნედლეულის გიგანტის, Glencore-ს შედეგების პრეზენტაციაში 2023 წელს სპილენძის პროდუქციის შემცირება ჩანს და კიდევ მეტ შემცირებას ელიან 2024 წლისათვის. ამ ინდუსტრიაში წარმოების სირთულის გათვალსიწინებით, მინიმალური მიწოდების ზრდის მოლოდინის ფონზე, ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი წლის განმავლობაში“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ფეროშენადნობებს, მისი ექსპორტის ღირებულება წლიურად 60.7%-ით შემცირდა 2023 წელს, რაც ფასების მკვეთრი კლებით აიხსნება, რამაც მწარმოებლებს უბიძგა შეემცირებინათ ექსპორტის მოცულობაც.
„2024 წლის იანვარში ჩინური ფეროსილიკონის ფასი არ შეცვლილა, ევროპულის კი თვიურად 13.8%-ით გაიზარდა. ევროპული ნედლეულისთვის ეს პოტენციურად ფასის ტრენდის ცვლილებას შესაძლოა ნიშნავდეს, მაგრამ ის კვლავ 23.8%-ით დაბლაა წინა წლის ნიშნულთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ფასმა ზრდა გასული წლის დეკემბერში დაიწყო, რაც ქართული ფეროშენადნობების ექსპორტის ზრდაშიც აისახა. 2023 წლის დეკემბერში ექსპორტის ღირებულება წინა 11 თვის საშუალოსთან შედარებით დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი იყო“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ