ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 4 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
ეროვნული გამოცდების გარდა, რეგისტრაცია დაიწყო საერთო სამაგისტრო გამოცდის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის.
რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია.
ძირითად ეტაპზე – 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება, თუმცა, საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
“საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ” – წერია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ განცხადებაში.