ელექტროშოკით თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა.
ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება.
აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-იდან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-იდან 4 წლამდე.
საკანონმდებლო ცვლილებამდე, აღნიშნული უკანონო საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ ქვირითობის პერიოდში – 1-ელი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ან იმ შემთხვევაში, თუ პირს დიდი ოდენობით თევზი ჰქონდა მოპოვებული.
ცვლილება მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან შევიდა ძალაში.

ასევე დაგაინტერესებთ