ეკა ბესელია: ადგილი, სადაც ქალი ყველაზე დაუცველია, არის ქართული პოლიტიკა!

: “ადგილი, სადაც ქალი ყველაზე დაუცველია, არის ქართული პოლიტიკა!”

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საქართველოში ქალთა უფლებების დაცვაზე მუდმივად საუბრობენ და მოძალადეები საკმაოდ მკაცრად ისჯებიან, მაინც უამრავი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი!

რა არის ამ პრობლემის ძირითადი მიზეზი და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? – ამის თაობაზე პოლიტიკოსი ეკა ბესელია გვესაუბრება:

– სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ: ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალადობის ფაქტები ჩვენს თვალწინ ხდება: ქალებს კლავენ საჯაროდ, დემონსტრაციულად, მათზე ძალადობენ ფსიქოლოგიურად და ეს ყველაზე მეტად რეგიონებში იგრძნობა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ქალი ძალადობას ითმენს და ჩუმადაა, რადგან სულაც არ არის ადვილი, უამრავი კლიშე დაძლიო და შენი უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო… ეს, ყველას როდი შეუძლია?!

– ჩვენს ქვეყანაში მამაკაცს, ღალატით დაწყებული, ყველაფერი ეპატიება, ხოლო ქალს თითქმის არაფერს პატიობენ, ეს რით აიხსნება?

– ეს ყველაფერი სტერეოტიპების ბრალია და განათლების პრობლემამდე მივყავართ. ამ მიმართულებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მუდმივი კამპანიაა საჭირო, რომ ყველა ქალთან მივიდეთ, ვისაც საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება. მართლაც უცნაურია: მე-12 საუკუნეში, მეფე თამარი გვყავდა. გენიალურმა შოთა რუსთაველმა სწორედ მაშინ თქვა ფრაზა: ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თყნდა ხვადიაო… საკითხავია, როგორ მოხდა, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ, ასეთ ქვეყანაში, ქალი და კაცის თანასწორობაზე ვმსჯელობთ? ჩემი აზრით, ეს უფრო საბჭოთა მენტალიტეტის ზეგავლენით მოხდა. ჯერ კიდევ ბევრ კაცს მიაჩნია, რომ ცოლი მისი საკუთრებაა, ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ფიქრობენ, რომ ძალადობა ურთიერთობის ნებადართული ფორმაა, რაც უდიდესი სირცხვილია! არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ პერიფერიებში ახლაც სჯერათ, რომ ქმარს უფლება აქვს ცოლზე ფიზიკური ძალა გამოიყენოს…

– ქალბატონო ეკა, როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ძალადობის მსხვერპლი ქალები ჩუმად?

– ეს, ალბათ, სისუსტის და არასაკმარისი შინაგანი ენერგიის ბრალია. მათ არა აქვთ იმედი, რომ ვინმე დაიცავს. სწორედ ამიტომაა საჭირო მუდმივი კამპანია: ყველა ქალმა უნდა იგრძნოს, რომ საზოგადოება მის გვერდითაა, რომ თავისი უფლებები ყოველთვის, ნებისმიერ პირობებში უნდა დაიცვას. მართალია, ქალის სადღეგრძელოს ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული შემართებით სვამენ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში სულ სხვა სიტუაციაა: ქალს ათასჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება, რომ საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. მე ხშირად მსმენია ფრაზა: ამ ქალს კაცის ჭკუა აქვსო… ჩემზეც ხშირად უთქვამთ, ეკას კაცის ტვინი აქვსო – კი მაგრამ, ეს რას ნიშნავს? ანუ ამით უშვებ იმას, რომ ქალს მამაკაცზე ნაკლები ჭკუა აქვს და მისი ტვინი ნაკლებად განვითარებულია? ესე იგი, ქალი რომ შეაქო, უნდა უთხრა, რომ კაცის ტვინი აქვს?! არ შეიძლება ქალსაც ჰქონდეს ძლიერი გონება და ღრმა აზროვნება? არანაკლებ უსიამოვნო სიტყვაა “გათხოვება” – შვილი “გავათხოვე, მივათხოვე, მისთხოვდა”… ჩემი აზრით, ეს სიტყვები უნდა დავივიწყოთ: აბა, რას ნიშნავს მივათხოვე? – ესე იგი, შეიძლება ქალი მამაკაცს დროებით ათხოვონ? ვფიქრობ, რომ ეს სიტყვა ქალის სტატუსს აკნინებს და თანასწორობის იდეას თავშივე უარყოფს. როცა 8-9 საუკუნის წინ, ქართველები ამბობდნენ “ლეკვი ლომისა სწორიაო” და დღეს ამ საკითხზე ვმსჯელობთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში განათლების დონე მოიკოჭლებს. მე ვფიქრობ, რომ ეს უდიდესი პრობლემაა, რომელსაც შველა სჭირდება.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ