ევროპარლამენტარები ევროსაბჭოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგის შემუშავებისკენ მოუწოდებენ – საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეზოლუციას მიიღებენ

საქართველოს საოკუპაციო ხაზთან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ევროპარლამენტში დღეს რეზოლუციას კენჭი უნდა უყარონ. ევროპელმა კანონმდებლებმა თემაზე დებატები უკვე გამართეს.
“ვგმობ თამაზ გინტურის სასტიკ მკვლელობას. ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს, დაწესდეს სანქციები. რუსეთმა კი უკანონო ოკუპაცია უნდა შეაჩეროს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ვგმობთ სა და მისი მარიონეტების მცდელობებს, რომლითაც ცდილობენ, რომ ამ მიზნებს ძირი გამოუთხარონ,” – აცხადებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.
ევროპარლამენტარები ევროპის საბჭოს მოუწოდებენ, შეიმუშაოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ყველა იმ პირს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
“თამაზ გინტური, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის ვეტერანია, რომელიც რუსულმა ძალებმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მოკლეს, როდესაც ის ეკლესიაში თავის პარტნიორთან ერთად მიდიოდა, რომელიც დააკავეს და მოგვიანებით ტყვედ ჰყავდათ. ჩვენ რეზოლუციაში ვასახელებთ სხვა მსხვერპლთა სახელებსაც. თუმცა ჩვენი მოწოდებაა, ჩამოვაყალიბოთ ევროკავშირის სია, სანქციების სია, ოთხოზორია ტატუნაშვილის ქართული სიის მსგავსი. ეს არის ის, რაც მიგვიყვანს სანქციების დაწესებამდე მსგავსი ტიპის ქმედებებისთვის,” – აცხადებს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.
ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა 2008 წლის ომის შემდგომ განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს ავიწროებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობის უფლებებს არღვევდნენ და მათ გადაადგილების თავისუფლებას უკანონოდ ზღუდავდნენ.
“საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოკლეს. მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია წამოიწყო და მისი სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიპყრო, მუდმივად იყო მსგავსი ინციდენტების ნაკადი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ავიწროებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობის უფლებებს არღვევდნენ და მათ გადაადგილების თავისუფლებას უკანონოდ ზღუდავდნენ. სანამ ჩვენ ოკუპაციის დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოვითხოვთ, ჩვენ ასევე მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პასუხისმგებლობაში მივცეთ ადამიანის უფლებათა დარღვევის უშუალო დამნაშავეები. ამ მიზნით, ჩვენ მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოს, საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით, შეადგინოს იმ პირთა სია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაზე და მათ წინააღმდეგ ეფექტური, მიზანმიმართული სანქციები დააწესოს,” – აცხადებს ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი.
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია არის ომის დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის პირდაპირი მტკიცებულება.
“რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია არის ომის დანაშაულებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის პირდაპირი მტკიცებულება. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება აქტიურ პროვოკაციულ პოლიტიკას ახორციელებს, მუდმივად აფართოებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, იტაცებს და ატერორებს ადგილობრივ მოსახლეობას. საქართველოს მოქალაქე 58 წლის თამაზ გინტური რუსი ოკუპანტების ბოლო მსხვერპლია. ის მამამისის საფლავზე სტუმრობისას ცივსისხლიანად მოკლეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს. რუსი ოკუპანტების დანაშაულებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი დაგმობა და შემდგომში სამართლებრივი ქმედება უნდა მოყვეს,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, იმისთვისაც, რომ ის ადამიანებს მინიმუმ, ჯანმრთელობას უნარჩუნებს და სწორი ცხოვრების წესს ასწავლის

როცა ყალბი ამბების და მანიპულაციების ტირაჟირება ვითომ ნორმად გექცევა, აღარ ხარ ჟურნალისტი და არც გამოცემა, ხარ რევანშისტთა მარიონეტი. ეს ეხება როგორც “ნეტგაზეთს”, ასევე კიდევ რამდენიმე ონლაინ მედიასაშუალებას