ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკა – ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე „კარიერული განვითარების ბანაკის” მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფორმატში, ირაკლი ლექვინაძემ სტუდენტებთან ერთად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნობრიობა, შედეგები, გატარებული რეფორმები, გამოწვევები და სამომავლოდ დაგეგმილი საკითხები დეტალურად განიხილა: „ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკა და მისი ეფექტური აღსრულება. სააგენტო, თემატურად პასუხისმგებელ სამინისტროებთან კოორდინაციით, აქტიურად მონაწილეობს ამ მიმართულებებით სხვადასხვა სამოქმედო გეგმებში. კონკურენციის პოლიტიკა უკვე 10 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც ემსახურება კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას საქართველოში და სამართლიანი ბიზნეს გარემოს ფორმირებას. ჩვენი უწყებისთვის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, მიზნობრივ აუდიტორიასთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ფორმირება ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საკითხია. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება აკადემიურ სექტორს და სტუდენტებს, ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას.
სტუდენტების დასაქმების მიზნით, განსაკუთრებით ეკონომიკური და იურიდიული პროფილის მიმართულებით, სააგენტოში სტაჟირების პროგრამა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის მიზანია – სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, ხელშეწყობა და კონკურენციის პოლიტიკის დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება. მადლობა სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებისთვის და ჩართულობისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სტუდენტებთან შეხვედრის დროს.
შეხვედრას ესწრებოდა – კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის კერძო სექტორის ჩართულობის მრჩეველი, მარიამ ქუჩულორია; კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც სტუდენტებმა და სააგენტოს წარმომდგენელებმა დეტალურად იმსჯელეს – მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით დადგენილ სტანდარტებზე, მიდგომებზე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე და სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
„კარიერული განვითარების ბანაკი” USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (CIPE) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან 60 სტუდენტი. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათ კარიერულ განვითარებას.

ასევე დაგაინტერესებთ