„დიზაინის ინსტიტუტმა“ სტუდენტების მიღება დაიწყო

“დიზაინის ინსტიტუტმა” სტუდენტების მიღება დაიწყო. პირველი სასწავლო პროგრამა კი სტარტს 17 თებერვალს აიღებს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ნინო ეგაძემ განაცხადა.
„ეს გახლავთ შემოქმედებასა და დიზაინზე ფოკუსირებული, რეგიონული საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუტი სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის, რომლის მისიაცაა, ბევრ ადამიანს გაუზიაროს დიზაინის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები, რაც მათ საკუთარი იდეების ვიზუალიზაციასა და თვითგამოხატვაში დაეხმარებათ,“ – აღნიშნა ნინო ეგაძემ.
მისი თქმით, მსურველებს უკვე შეუძლიათ, ვებგვერდის საშუალებით, დარეგირტრირდნენ სასწავლო პროგრამებსა და კურსებზე, სადაც დიზაინის მათთვის სასურველ მიმართულებას დაეუფლებიან.
„ყოველი ლექცია, შეხვედრა, კურსი თუ მასტერკლასი, წარმოადგენს ერთი დიდი იდეის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა შემოაბიჯოს სფეროში და შეხება ჰქონდეს მის საუკეთესო წარმომადგენლებთან, საკუთარი შემოქმედებითი რესურსით და სწორი დიზაინით მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა. ლექტორები თავიანთ ყოველდღიურობაში ქმნიან დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიის კულტურას, გვჯერა, რომ აუცილებელია ამ ცოდნის ახალი თაობისთვის და უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება.“ – განაცხადა ნინო ეგაძემ.
მისივე ინფორმაციით, ინსტიტუტი პარტნიორობს ქართულ და საერთაშორისო კერძო და საჯარო ინსტიტუციებთან, ფესტივალებთან, ღონისძიებების ორგანიზატორებთან, მუზეუმებთან, მედიებსა და გამომცემლობებთან.
რაც შეეხება სტუდენტებს, დიზაინის ინსტიტუტში სამი ძირითადი ჯგუფი ისწავლის: 1. 16+ – სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, რომლებიც ძიების პროცესში არიან და პროფესიულ თვითგამორკვევას ცდილობენ. 2. პროფესიონალები, რომლებსაც ახალი უნარების შეძენა სურთ პერსონალური ან პროფესიული განვითარებისთვის. 3. დიდი ორგანიზაციები და საჯარო სექტორი, რომელთანაც დიზაინის აუდიტსა და პროექტებზე იმუშავებენ.
„დიზაინის ინსტიტუტში“ მოკლე კურსების ხანგრძლივობა 1 დღიდან 3 თვემდეა, ხოლო გრძელი კურსები 6 თვე გრძელდება:”ჩვენი მთავარი ფოკუსი დიზაინში გრძელვადიანი საბაზისო პროგრამების განვითარება და პროფესიისთვის მომზადებული ახალი თაობის ხელშეწყობაა. იმედი გვაქვს ამ ცოდნით აღჭურვილი ახალი თაობა, ბევრად უფრო მომზადებული დახვდება ახალი რეალობის გამოწვევებს,“ – აღნიშნა „დიზაინის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა.

ასევე დაგაინტერესებთ