„დაფინანსება არ გვაქვს” — როგორ (არ) შეეხება „რუსული კანონი“ პრორუსულ ორგანიზაციებს

საქართველოში მოქმედი ძირითადი პრორუსული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამჟამად მათ უცხოეთიდან დაფინანსება არ აქვთ, შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული და პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი მათ არ შეეხებათ.
„ქართული ოცნების“ კანონით, სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ს დასავლური ინსტიტუტებისგან და ფონდებისგან იღებენ, რაც განპირობებულია იმითაც, რომ მათი დაფინანსების წყაროები გამჭვირვალეა. რაც შეეხება პრორუსულ ორგანიზაციებს, — მაგალითად, „ალტ-ინფო“, ევრაზიის ინსტიტუტი და პრიმაკოვის ფონდი — ისინი აცხადებენ, რომ ამჟამად უცხოური დაფინანსება არ აქვთ.
უფრო კონკრეტულად, არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაცია, რომლის მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, ორგანიზაციისგან თუ მთავრობისგან მოდის, ავტომატურად მიიჩნევა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად”.
ამერიკაში მოქმედი FARA-სგან განსხვავებით, რას/ვის წარმოადგენს ორგანიზაცია, რაში მდგომარეობს მისი მიზნები და რეალურად ლობირებს თუ არა რომელიმე უცხოურ, მით უფრო პოლიტიკურ გავლენას, კანონპროექტის ავტორთათვის მნიშვნელობა არ აქვს.
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი 2013 წლის ივლისში, გორჩაკოვის ფონდისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (თბილისი) დახმარებით დაარსდა. გორჩაკოვის ფონდი, თავის მხრივ, 2010 წელს, ს მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და ეს ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. პრიმაკოვის ცენტრს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, ლორთქიფანიძემ თქვა, რომ „ ბანკმა“ სანქცია დაადო და ანგარიშები დაუხურა.
ლორთქიფანიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ სანქცია ძალაშია და ამჟამად არანაირ დაფინანსებას უცხოეთიდან არ იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება კანონის მიხედვით არ წარმოეშობა.
თუმცა ფიქრობს, რომ მომავალში როგორც ქართულ-რუსულ ორგანიზაციას, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია მაინც მოუწევს.
„ყველას მოგვიწევს [დარეგისტრირება]. სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე საჭიროა, რომ ყველა დარეგისტრირდეს, ვისაც არა აქვს დასამალი თავისი ბიუჯეტი. აქ არ არის საუბარი მხოლოდ თანხების დანიშნულებაზე, არამედ ფაქტობრივ ხარჯვაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაში იხარჯება თანხები კონკრეტულად, არის თუ არა კვაზი პოლიტიკური მიზნები ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის უკან. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან მოქმედი კანონის მიმართ მორჩილება მართებს ყველა ორგანიზაციას“, — განუცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „ნეტგაზეთს“.
კითხვაზე, არ აწუხებს თუ არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი, ლორთქიფანიძე პასუხობს, რომ „დეფინიცია ერთხელ შეიცვალა და ალბათ, კიდევ შეიცვლება, გასწორდება…“
„მე შემოწირულებები მქონდა, მაგრამ აღარ მაქვს წელიწად-ნახევარია. როგორც ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრს, ალბათ, ყოველწლიურად დეკლარაციის შევსების ვალდებულება მექნება. ჩემი ორგანიზაცია დარჩა დაფინანსების გარეშე მას შემდეგ, რაც „თიბისი ბანკმა“ ერთპიროვნულად, კომერციული ბანკების შესახებ კანონზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი ორგანიზაციის ანგარიშები [გააუქმა]. ეს მისი უფლებაა. თუ მომავალში დაფინანსება იქნება — შემოწირულება თუ პირდაპირი დაფინანსება, — კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ეს უნდა აისახოს დეკლარაციაში. დღევანდელი მდგომარეობით, ჩემს ორგანიზაციას დაფინანსება არ გააჩნია“
კანონპროექტს ემხრობა, თუმცა არჩევნების წინ მისი შემოტანის დროს არასწორად მიიჩნევს გულბაათ რცხილაძე, „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.
„მეც ვუერთდები საყოველთაო პროტესტს. არჩევნების წინ ასეთი მგრძნობიარე თემის პოპულისტურ ჭრილში განხილვის არც დროა და არც ვითარება. უნდა დაწყნარდეს ემოციები, ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ განვიხილოთ, რა არის საჭირო, რა შეიცვალოს და რა — არა. რაც ახლა ხდება, უპასუხისმგებლობაა. იდეის დონეზე [კანონპროექტს] ვემხრობი კი არა, მე თვითონ ვიყავი 2012-13 წლებში ამ იდეის ინიციატორი. მე ვარ ხომალდის მეთაური. თუ ვინმე მომემხრობა, მომემხროს. ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის იდეა პირველმა მე გავაჟღერე“, — ამბობს გულბაათ რცხილაძე.
რცხილაძის თქმით, „ევრაზიის ინსტიტუტს“ თავად აფინანსებს და ახალი კანონის მიღება მასზე არანაირ გავლენას არ იქონიებს.
„ჩვენ არ მოგვიწევს დარეგისტრირება, მაგრამ იმათაც უნდა გაუწიონ ანგარიში, ვინც იღებს დაფინანსებას“, — თქვა რცხილაძემ.
„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ მიღების შემთხვევაში, კანონი მას არ შეეხებოდა.
„არაფერს, ერთ თეთრსაც კი [არ ვიღებთ უცხოეთიდან]”, — თქვა მორგოშიამ, რომელიც მართალია, საქართველოს მოქალაქეა, თუმცა 2022 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ბიზნესაქტივობით რუსეთში გადავიდა და იქ გააგრძელა ცხოვრება და საქმიანობა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციირებული კანონპროექტის ალტერნატივად გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიციირა „ოკუპანტი ქვეყნის — რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის“ შესახებ კანონპროექტი. მმართველმა უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.