დასრულდება თუ არა ბანკების ექსპანსია სადაზღვევო ბაზარზე – სექტორის წარმომადგენლებს კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შემდეგ მარეგულირებლის იმედი აქვთ

დასრულდება თუ არა ბანკების ექსპანსია სადაზღვევო ბაზარზე – სექტორის წარმომადგენლებს კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შემდეგ მარეგულირებლის იმედი აქვთ
არღვევენ თუ არა ბანკები საკრედიტო პროდუქტების რეალიზაციის დროს სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებისას კონკურენციის პირობებს – კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევა დაასრულა და ბაზარზე დომინანტური მდგომარეობაზე განაცხადა. უწყების შეფასებით, 2020-2022 წლებში 10 კომერციული ბანკი აწვდიდა სადაზღვევო პროდუქტებსაც, მათ შორის 1 ეკონომიკური აგენტის შემთხვევაში საბაზრო წილი აღემატება 40%-ს და შესაბამისად, მარეგულირებლის შეფასებით, სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ხოლო დამატებით 1 ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი გადის დომინანტური მდგომარეობის ზღვარზე. სააგენტოს პოზიციით, კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურული კავშირების შედეგად შესაძლოა სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტიც.
„2024 წელს პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, არის თუ არა საბანკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციისას კონკურენციის შეზღუდვა“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა და დასძინა, რომ სააგენტომ 2 ბანკის მონიტორინგი განხორციელდა, მათ შორის ერთი იყო სადაზღვევო პროდუქტების საბანკო სექტორში რეალიზაციის ბაზარი, რომლის შემდეგაც სააგენტომ 6 რეკომენდაცია გასცა საქართველოს ეროვნულ ბანკისთვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბაზრის კონკურენტუნარიანობას.
დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ კონკურენციის სააგენტომ ეროვნულ ბანკთან და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან სერიოზულად იმუშავა და ის პრობლემები გამოავლინა, რომელზედაც სადაზღვევო ბაზრის წარმომადგენლები უკვე წლებია საუბრობენ. ნიკოლაძე იმედოვნებს, რომ მარეგულირებელი შესაბამის ზომებს მიმართავს.
„სადაზღვევო კომპანიებიც კი, რომლებიც არ არიან ჩვენი წევრები, აცხადებენ, რომ მთელი მოგება, რომელიც სადაზღვევო სექტორში გენერირდება, პრაქტიკულად მხოლოდ საბანკო პროდუქტების ირგვლივ არსებული დაზღვევის შედეგია. ჯანმრთელობის დაზღვევა დაბალმომგებიანია, პრაქტიკულად მას მოგება არ მოაქვს და კომპანიების ნაწილშიც ზარალიანია, რადგან მაღალი კონკურენციაა და გადახდისუნარიანობა ძალიან დაბალია ქვეყანაში.
ქონების დაზღვევის ნაწილი პრაქტიკულად ბანკების ნაწილშია, რადგან ქონებასაც სამწუხაროდ აზღვევენ მაშინ, როცა აუცილებლობაა და ეს ძირითადად ბანკებიდან მოდის. ავტომობილების დაზღვევაში ღია ბაზარია, მაგრამ ლიზინგები და ავტოსესხები მიბმულია ბანკებზე და მათაც დომინანტური მდგომარეობა აქვს. ე.წ კრედიტლაიფი, რომელიც სიცოცხლის დაზღვევის ნაირსახეობაა, ასევე მიბმულია სესხებზე.
მართალია, ბანკებს აქვთ სამ-სამი შეთავაზება, მაგრამ ამის უკან მაინც შედეგად ვიღებთ იმას, რაზედაც ეროვნულმა ბანკმაც დაწერა, რომ ბანკების ზეგავლენა მნიშვნელოვნად დიდია. სწორედ ამ პროდუქტებს აქვთ დაგენერირებული მოგება ქართულ ბაზარზე“, – ამბობს ლაშა ნიკოლაძე.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნინა კობახიძე ამბობს, რომ საფინანსო კომპანიებში მომხმარებლებს ძირითადად მათთან დაკავშირებულ სადაზღვევო კომპანიების მომსახურებას სთავაზობენ. შედეგად, სადაზღვევო პროდუქტი ძვირდება, კლიენტს კი არჩევანის საშუალება აღარ ეძლევა.
„ბანკების სახელით არ უნდა იმუშაოს სადაზღვევო ინდუსტრიამ. მართალია მათ მოჭარბებული რესურსი აქვთ, თუმცა ბანკი უნდა იყოს ბანკი. ის უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი, სხვადასხვა ბიზნესის დასაწყებად და არა ჩვენი კონკურენტი“,- აცხადებს ნინო კობახიძე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 818 მილიონი ლარი. მათ შორის ბანკების საკუთრებაში არსებული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია 400 მლნ. ლარს უტოლდება.

ასევე დაგაინტერესებთ