გემი, რომელზეც ქართველიც იმყოფებოდა, გამტაცებლებმა აშშ-ს მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს

ისრაელთან დაკავშირებული ხომალდი, რომელიც იემენის სანაპიროსთან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს და რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა, გამტაცებლებმა -ს საზღვაო ძალების მოთხოვნის შემდეგ გაათავისუფლეს. გამტაცებლები აშშ-ს საზღვაო ძალებმა დააკავეს.
ხომალდი 26 ნოემბერს გაიტაცეს, რის შემდეგაც აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათმა და მოკავშირეთა ძალებმა საპასუხო მოქმედება დაიწყეს, მზადყოფნაში მოიყვანეს გამანადგურებელი ხომალდი USS Mason-ი და შეიარაღებულ გამტაცებლებს ტანკერის გაშვება მოსთხოვეს.
მოთხოვნის შემდეგ შეიარაღებულებმა გემი დატოვეს და ნავით გაქცევა სცადეს, თუმცა მათ ამერიკული გამანადგურებელი აედევნა და საბოლოოდ გამტაცებლები ჩაბარდნენ.
“ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გემი დატოვა და საკუთარი მცირე ზომის ნავით გაქცევა სცადეს. Mason-ი თავდამსხმელებს დაედევნა, რაც მათი დანებებით დასრულდა”. – ნათქვამია აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ცენტრალურ სარდლობას არ დაუკონკრეტებია გამტაცებლების ვინაობა, თუმცა აღნიშნეს, რომ სატვირთო ხომალდის მოვლენებიდან მცირე ხანში ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საბრძოლო გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. განცხადების მიხედვით, რაკეტები ადენის ყურეში, ხომალდებიდან 18.5 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა და არავინ დაშავებულა.
იემენის საერთაშორისოდ აღიარებულმა მთავრობამ თავდასხმა ჰუსიტებს დააბრალა, თუმცა აჯანყებულებს, რომლებიც დედაქალაქ სანაას აკონტროლებენ, პასუხისმგებლობა ტანკერის გატაცებასა და სარაკეტო თავდასხმაზე არ აუღიათ.
ადენის ყურეში გატაცებული გემი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა და ხომალდების მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანია Zodiac Maritime-ს ეკუთვნოდა. Zodiac Maritime-ის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის, ფილიპინებისა და ს მოქალაქეები იყვნენ.
აქამდე, 24 ნოემბერს, ინდოეთის ოკეანეში თავს დაესხნენ კიდევ ერთი ებრაელი მილიარდერის ხომალდს, სავარაუდოდ ირანული დრონებით. თეირანს თავდასხმაზე არც პასუხისმგებლობა აუღია და არც მედიის კითხვებს უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თავდასხმა მოხდა ადენის ყურეში, რომელსაც, თეორიულად, იემენის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ და ჰუსიტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოშორებით მდებარეობს. ამ წყლებში არც სომალელი მეკობრეები მოქმედებენ.
ლონდონში დაფუძნებული Zodiac Maritime-ი ისრაელელი მილიარდერის, ეიალ ოფერის Zodiac Group-ის შვილობილი კომპანიაა. ამ კომპანიის ხომალდი ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების სამიზნე წარსულშიც გამხდარა. 2021 წელს, როგორც აშშ-სა და სხვა დასავლური სახელმწიფოების დასკვნის შედეგად გახდა ცნობილი, ირანმა Zodiac Maritime-ის ხომალდზე დრონით იერიში მიიტანა, რასაც ეკიპაჟის ორი წევრი ემსხვერპლა. ხომალდს ნავთობი გადაჰქონდა.
ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე, ნოემბრის დასაწყისში იემენელმა ჰუსიტებმა ხელში ჩაიგდეს სატრანსპორტო ხომალდი, რომელიც წითელ ზღვაში დაცურავდა. გემი კვლავ მათ ხელშია და საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ჰყავთ გაჩერებული.