„განცხადება, რომ ქართველი ადამიანები უნდა აღვზარდოთ, გაუგებარია და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში არიან თავად გაუნათლებლები – რევაზ აფხაზავა

„როდესაც ხელისუფლებაში 10 წელია ხარ და ამ დროის შემდეგ ამბობ, რომ მიზნები არ ვარგა, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა და ამაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა არსებობდნენ“, – ასე ეხმაურება ექსპერტი განათლების საკითხებში რევაზ აფხაზავა „კომერსანტთან“ საუბარში პრემიერ-მინისტრის მიერ 12 დეკემბერს ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2004 წელს განათლების რეფორმები არასწორი მიზნებით გატარდა.
ექსპერტის თქმით, გაუგებარია, თუ რა ორიენტირს აძლევს განათლების სისტემას იმის განცხადება, რომ „განახლებული მიზეზები დაეფუძნება მოსწავლეებში ეროვნული იდენტობის გაძლიერებას“.
„ცხადია, რომ სამყაროს განვითარების პარალელურად მიზნები უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჯერ ის არის მნიშვნელოვანი, რამდენად შესრულდა ან რატომ არ შესრულდა ის მიზნები, რომელიც უკვე იყო დასახული. პირველ რიგში ეს არის მთავარი კითხვები.
გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით და ექსპერტების ფართო ჩართულობით ჩვენ რამდენიმე წლის წინ შევიმუშავეთ განათლების სისტემის ეროვნული მიზნები, მაგრამ იმ დოკუმენტში ასევე არის მოცემული ის, თუ როგორი გარემო უნდა შეიქმნას იმისთვის რომ ეს მიზნები იქნეს მიღწეული.
ეს დოკუმენტი სამწუხაროდ, არ არის გამოყენებული და გუშინ მოვისმინეთ აბსურდული, დისკრიმინაციული განცხადებები იმის შესახებ, რომ 10 წელი არასწორი მიზნები გვქონდა და არ ვიცოდით როგორ ადამიანებს ვზრდიდით.
განცხადება, რომ ქართველი ადამიანები უნდა აღვზარდოთ, გაუგებარია რა ორიენტირს მისცემს განათლების სისტემას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებიც თავად არიან გაუნათლებლები და ვერ აფასებენ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლებიც რეალურად განათლების სისტემას, განსაკუთრებით სასკოლო განათლებას აქვს“, – აღნიშნა რევაზ აფხაზავამ.