„განათლება დასაქმებისთვის” – რა შედეგები აქვს ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ პროგრამას?

ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, ტრენინგები, დასაქმების ფორუმები და რაც მთავარია, ათასობით გადამზადებული, ახალი უნარებით აღჭურვილი ახალგაზრდა, რომელსაც აქამდე სამუშაო გამოცდილება არ ჰქონია და ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმულები, რომლებმაც თავისი იდეები წარმატებულ მცირე ბიზნეს წამოწყებებად აქციეს – ასეთია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული სამწლიანი პროგრამის, „განათლება დასაქმებისთვის” ამჟამინდელი შედეგები.
პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზა საქართველოში 2019 წლიდან ხორციელდება და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის არის 9 საგრანტო პროექტი საქართველოს რეგიონებში, რომელთა ბიუჯეტი 7 მილიონი ევროა. შერჩეული პროექტების მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ათასობით მოქალაქეს სამუშაო ადგილის მოძიებაში: უპირველეს ყოვლისა კი, უზრუნველყოს მათი უნარების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც საქართველოს კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ამ მიზნის მიღწევას პროექტები რამდენიმე გზით უზრუნველყოფს – მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით. პროგრამა საქართველოს 8 რეგიონს მოიცავს და მის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალგაზრდებზე, ქალებსა და სოციალურად დაუცველ პირებზე.
„ჩვენ ვსაუბრობთ მოწყვლად ახალგზარდებზე, რომლებიც არც სწავლობენ და არც დასაქმებულები არიან. სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარების შესაძენად, გამოცხადებული გვქონდა კონკურსი, რომლის შედეგადაც საგრანტო პროექტები დავაფინანსეთ. პროექტების ფარგლებში შეიქმნა არაერთი საჭირო სახელმძღვანელო, მოკლევადიანი სერთიფიცირებული და უამრავი არაფორმალური განათლების კურსი, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად”, – აცხადებს ევროკავშირის პროგრამების მენეჯერი ნიკა ყოჩიშვილი.
მისივე თქმით, პროექტებმა ასევე უზრუნველყო დამსაქმებლებსა და პოტენციურ დასაქმებულებს შორის კავშირების დამყარება, რამაც შესაძლებელი გახადა ორივე მხარეს მიეღო ინფორმაცია ერთმანეთის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ; ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევები, შეიქმნა დასაქმების ცენტრები, ჩამოყალიბდა კავშირები პროფესიულ სასწავლებლებს შორის. ზრდასრულებს მიეცათ საშუალება შეეძინათ ახალი, ან გაეუმჯობესებინათ პროფისიული უნარები, მიეღოთ დაფინანსება საკუთარი ბიზნეს იდეებისთვის სიცოცხლისუნარიანობის შესაძენად.
პროექტებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობდა, სხვადასხვა ორგანიზაცია ახორციელებდა. ერთ-ერთი პროექტი, „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება”( LINKS), „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომლობით განხორციელდა, სხვა რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორც “საქართველოს გაეროს ასოციაციის” წარმომადგენელი თეონა ლებანიძე ამბობს, პროექტი სხვადასხვა შინაარსის საქმიანობებს მოიცავდა, მათ შორის: ტრენინგებს მეწარმეობაში, ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ უნარებში, კარიერულ კონსულტაციებს, დასაქმების ფორუმს და ა.შ.
„ევროკავშირის მხარდაჭერით, 1 400-მა ახალგაზრდამ მოახერხა გაეუმჯობესებინა ცოდნა და უნარები, რათა მარტივად დასაქმებულიყო”,- აცხადებს თეონა ლებანიძე.
„ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: LINKS პროექტამდე და LINKS პროექტის შემდეგ”, – ამბობს ლეილა ვანაძე, 3 შვილის დედა ზემო აჭარიდან, რომელიც სწორედ ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ბენეფიციარია. ის ერთ-ერთია ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც გადამზადდა, ახალი უნარები შეიძინა და შრომის ბაზარზე მოთხოვნად კადრად ჩამოყალიბდა.
„გავიარე კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის კურსები, შემდეგ ანაზღაურებადი სტაჟირება ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში. LINKS-ის პროექტი ჩემთვის იყო უდიდესი შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზებისა და საზოგადოებასთან ადაპტირებისთვის”, – აცხადებს ლეილა ვანაძე.
დასაქმების შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და მეწარმეობის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, პროექტის ფარგლებში 8 სტარტაპ იდეაც დაფინანსდა. სწორედ ეს შანსი გამოიყენა ნინო გოჩიაშვილმა, რომელმაც ჯერ სამეწარმეო ტრენინგები გაიარა, შემდეგ კი მიღებული ცოდნა გამოიყენა და თავისი სამკერვალოსთვის, რომელიც ინოვაციურ რბილ სათამაშოებს აწარმოებს, ბიზნესგეგმა ჩამოაყალიბა.
„ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ჩვენი კომპანიისთვის, რამდენადაც ჩავუღრმავდით მცირე დეტალებს, რაზეც აქამდე არ გვიფიქრია და უკეთ გავიაზრეთ, რა სჭირდებათ მომხმარებლებს”,- ამბობს ბენეფიციარი.
3 900-მდე სამუშაოს მაძიებელმა ისარგებლა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებით რეგიონებში, რომლებიც შეიქმნა და გაძლიერდა ევროკავშირის დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში – „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის”. მისი მიზანი შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობის აღმოფხვრა იყო. პროექტს „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებდა. ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე ამბობს, რომ ორი მიმართულებით იმუშავეს: სამუშაოს მაძიებლებს კარიერული კონსულტაციები გაუწიეს, ამასთანავე, საზღვაო და ტურიზმის სფეროებში 9 ახალი პროფესიულ-საგანმანათლებლო კურსი შექმნეს, რომლებიც დღეს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადია.
შედეგები აქაც შთამბეჭდავია: დასაქმდა სამუშაოს 903 მაძიებელი, მათ შორის 540 ქალი და 364 კაცი; სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში ჩაერთო 567 ადამიანი, მოეწყო 6 დასაქმების ფორუმი, თანამშრომლობა შედგა 1 150 დამსაქმებელ კომპანიასთან, კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების ცენტრები შეიქმნა ამბროლაურში, ოზურგეთსა და გორში, ხოლო ბათუმში, ქუთაისსა და თელავში არსებული ცენტრები გაძლიერდა.
„საერთო ჯამში, პროექტი 3900-მდე სამუშაოს მაძიებელს მოემსახურა – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი უნარები, რომ შესაბამისად წარდგნენ დამსაქმებლის წინაშე, მოამზადონ CV, გაიარონ ინტერვიუ და ა.შ.”,- აღნიშნავს ლიკა კილაძე.
ტექნოლოგიების ეპოქაში შრომის ბაზრისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადი კომპიუტერული უნარების ცოდნაა. ევროკავშირის დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელდა კიდევ ერთი პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“. ქსელის მისია საქართველოს რეგიონებში ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაცია, მათ მიმართ ინტერესის გაღვივება და ახალი ტექ. პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა იყო. შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროექტში ჩაერთო 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა თემატიკის ტრენინგკურსები სკოლის მოსწავლეებისთვის, მათ შორის: პროგრამირება, კომპიუტერული გრაფიკა, ვებ დეველოპმენტი WordPress-ის ბაზაზე, UX/UI დიზაინი, 3D მოდელირება, ტექნოლოგიური მეწარმეობა და ა.შ. ამ დროისთვის კლუბები ჯამში 1600-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს.
„განათლება დასაქმებისთვის” პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს 3 წლის განმავლობაში კოორდინაციას და მონიტორინგს სპეციალური ჯგუფები უწევდნენ. პროგრამის საგრანტო კომპონენტის მონიტორინგის ექსპერტი მარინე მიზანდარი ამბობს, რომ რეგიონებში ვიზიტები 6 თვეში ერთხელ ჰქონდათ:
„გვქონდა შეხვედრები პროექტის განმახორციელებლებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, ახალგაზრდებთან, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან, რათა გაგვეგო, როგორ მიმდინარეობდა პროექტები… სწორედ თანმიმდევრულმა და მუდმივმა კომუნიკაციამ უზრუნველყო პროექტებს შორის თანამშრომლობა და კოორდინირებული მუშაობა“.
ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის” მეორე ფაზა დასასრულს უახლოვდება; თუმცა საბოლოო შედეგების სრულად გამოვლენა ჯერ კიდევ ნაადრევია – პროგრამის განმახორციელებლები დარწმუნებული არიან, რომ პროექტებს განგრძობადი ეფექტი ექნება; საბოლოოდ კი, ევროკავშირის ხელშეწყობით გადამზადებული და დასაქმებული თითოეული ადამიანი იქნება ერთით ნაკლები ემიგრანტი საქართველოდან.
(R)