გადასახადების დეფინიცირებაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია – შოთა ბურჯანაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია, მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.
როგორ აფასებს ჰორეკა სექტორი მიღებულ ცვლილებას, ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა,.
„საკითხმა უფრო მეტად შეიძინა აზრი, ვიდრე შედეგი შეძლება იყოს. ის, რომ მენიუში უნდა იყოს ფასი სწორად დაფიქსირებული და შესაბამისად, სტუმარს სიურპრიზი არ უნდა დახვდეს ქვითრის მიღებისას, ეს ნორმალურია, კანონით განსაზღვრულია და აქ პრობლემა არ არსებობს.
ჩვენ მხოლოდ მივიღეთ ის, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით ეს საკითხი აღარ მოქმედებს, ვგულისხმობ იმას, რომ არსებობს რესტორნები, რომლებისთვისაც მისაღები იყო მათი მომხმარებლებისთვის მენიუში ის ფასი ყოფილიყო მითითებული, თითოეულ კერძზე, რომელიც საბოლოოდ აისახებოდა ჩეკში. მეორე სახის რესტორნებისთვის იყო მნიშვნელოვანი ის რომ დამატებითი მომსახურება ცალკე ყოფილიყო გამოყოფილი ფასის ჭრილში. ეს მარკეტინგული შეხედულებები ახლა მოხსნილია და მესამე, რომელიც საერთოდ არ იყო ასახული მენიუში, ეს იქნებოდა დღგ თუ საშემოსავლო, ეს უკვე კრიმინალია. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოხდა სრულიად ერთ სიბრტყეში ამ ყველაფრის განსაზღვრა,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, სარესტორნო სფეროში, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები იმისთვის, რომ სწორად იქნეს ბიზნესი წარმართული.
„იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს კმაყოფილი; იმისთვის, რომ ბიზნესოპერატორი კეთილსინდისიერი იყოს, საჭიროა ცვლილებების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქაოსური მდგომარეობა არ დალაგდება.
ცვლილებებში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ქვეყანაში ხდება დეფინიცირება სხვადასხვა გადასახადების. ანუ, ალკოჰოლისთვის სხვა გადასახადია, შიდა მოხმარების პროდუქტისთვის, რომელიც ქვეყანაში იწარმოება, სხვა გადასახადია, იმპორტირებული პროდუქტისთვის სხვა გადასახადია. შესაბამისად, ორიენტირი ხდება იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აწყობს.
თუ ჩვენ სოფლის მეურნეობაში გვაქვს პროდუქტები, რომლებიც ადგილობრივია და ამას არ იყენებს ბიზნესოპერატორი და იყენებს უცხოურს, იმიტომ რომ გადასახადებთან მიმართებით უძვირდება, რა თქმა უნდა, თუ ეს დეფინიცირება მოხდება, ამ შემთხვევაში მოთხოვნა იქნება ადგილობრივ პროდუქტზე. საგადასახადო კუთხით ამაზე მსჯელობა მნიშვნელოვანია.
პრემიერმინისტრთან საუბარი გვქონდა დღგ-სთან დაკავშირებით 8 წლის წინ. მაშინ გვითხრეს რომ ამ სიტუაციაში დღგ-ს არავინ მოაკლებსო(საერთოდ არ მოგვისმინა); შემდეგ პრემიერთან როდესაც გვქონდა საუბარი, მოგვისმინა; მესამეს შევხვდით და მეოთხესთან შეიძლება რაღაც გადაწყვეტილების დონეზე მივიდეთ. საუბარია დღგ-ს 18%-ის შემცირებაზე. საწარმოს თვეში 8 ათასი ლარი უნდა ჰქონდეს ბრუნვა, რომ ის დღგ-ს გადამხდელი არ იყოს. 8 ათას ლარზე ზევით, უკვე დღგ-ს გადახდა უწევს.“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ