„გადაიდო გეგმიური ოპერაციები, ვამატებთ საწოლებს“ – თურქეთში სეზონური ვირუსების აფეთქებაა

სეზონური ინფექციების მკვეთრი მატების გამო, თურქეთის ჰოსპიტლების ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დატვირთვამ 100%-ს მიაღწია. ვითარება იმ დონემდე გართულდა, რომ გეგმური ოპერაციების ნაწილი გადაიდო.
თურქეთის ინტენსიური თერაპიის ასოციაციის ხელმძღვანელის თუღან უთქუს თქმით, წელს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ვირუსული ინფექციებით მოთავსებული პაციენტების რაოდენობამ ამ სეზონისთვის დამახასიათებელ ზღვარს გადააჭარბა.
„ამ სეზონზე რეანიმაციაზე მოთხოვნა ყოველთვის იზრდება, თუმცა წელს ჩვენ უფრო მეტი ზეწოლა ვიგრძენით. ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დატვირთვა ჩვეულებრივ პერიოდებში 65-70 პროცენტს შეადგენს, ამ ეტაპზე კი ჩვენი შეფასებით, ეს მაჩვენებელი 100 პროცენტამდეა გაზრდილი,“ – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საწოლფონდი განსაკუთრებით სტამბოლშია გადატვირთული.
უთქუმ ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარების გამო, კლინიკებს ახალი საწოლები ემატება ისევე, როგორც ეს კოვიდ-პანდემიის დროს ხდებოდა.
მისივე თქმით, ვირუსული ინფექციები, რომლებიც ქვეყანაში ცირკულირებს, კოქტეილებს მოგვაგონებს, რადგან არიან პაციენტები მხოლოდ კოვიდით და მხოლოდ გრიპით და არიან პაციენტები ამ ვირუსების კომბინაციით.
ექიმების თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა პნევმონიაა.
„ჩვენი ნორმალური იმუნური სტრუქტურა კოვიდის პერიოდში განადგურდა. მოქალაქეები აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როცა ადამიანები თითქოს არასდროს ყოფილან ავად და თითქოს ბავშვობის სტადიაში დავბრუნდით,“ – განმარტა მედიკოსმა.
წყარო: medimagazin.com