ბრალი წაუყენეს კაცს, რომელიც 19 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ფოტოებით აშანტაჟებდა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებული, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.
“გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გარდა აღმოჩენილ იქნა სხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება) წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ