ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულება 10 თვეში 22.2%-ით შემცირდა, ბუნებრივ აირის კი 11.2%-ით გაიზარდა

საქართველოში ბენზინის და დიზელის იმპორტის ღირებულება წლიურად 22.2%-ით შემცირდა 2023 წლის 10 თვეში, რაც შედარებით იაფიანი საიმპორტო ბაზრების ათვისებამ განაპირობა.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მისი იმპორტის ღირებულება წლიურად 11.2%-ით გაიზარდა 2023 წლის 10 თვეში, რაც განაპირობა როგორც ფასების, ისე მოცულობის ზრდამ, რომელიც წლიურად 6.9%-ით არის მომატებული 2.4 მლნ კუბურ მეტრამდე.
2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ამონიუმის ნიტრატით, ხორბლით, სპილენძით, ფეროსილიკონით და ოქროთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ექსპორტ-იმპორტის წლიური ცვლილების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 2023 წლის ნოემბერში ნავთობის ფასი 5.2%-ით შემცირდა. 26 ნოემბერს დაგეგმილი OPEC+-ის შეხვედრის მოლოდინში ინვესტორები ფრთხილად ვაჭრობდნენ, რაც კიდევ უფრო გაამძაფრა შეხვედრის 30 ნოემბრამდე მოულოდნელად გადადებამ. ინვესტორები ბოლო დროს გაზრდილი მიწოდების ფონზე წარმოების მნიშვნელოვნად შემცირებას ვარაუდობდნენ, თუმცა მიწოდების დღეში 900,000 ბარელით შემცირების გადაწყვეტილებამ და მისი სრულად შესრულების დაპირების სიცხადის ნაკლებობამ ინვესტორების მოლოდინები არ გაამართლა. შესაბამისად, ნავთობმა ზედიზედ მეექვსე კვირას კლება განაგრძო. მომავალი წლისთვის Goldman Sachs ნავთობის ფასის $80-$100 დიაპაზონში მერყეობას ელის, BMI Research-ის მიხედვით კი მისი საშუალო ფასი 2024 წელს $85 იქნება.
2023 წლის ნოემბერში ბუნებრივი აირის ფასი 10.8%-ით გაიზარდა. მიუხედავად თვიური ზრდისა, ბუნებრივი აირის ფასი ნოემბრის ბოლო ორ კვირაში მნიშვნელოვნად, 12.3%-ით შემცირდა. ეს შემცირება ევროპის მარაგების 95%-ზე შევსებამ და ამერიკის Energy Information Administration-ის (EIA) მიერ ზედიზედ ორჯერ მარაგების მოულოდნელი ზრდის სტატისტიკის გამოქვეყნებამ განაპირობა. შედეგად, მოსალოდნელზე მეტმა მიწოდებამ და ნაკლებად ცივი ამინდის პროგნოზმა ბუნებრივი აირის ფასი თვის ბოლოს ერთ მეგავატ-საათზე $45.7-ზე დაასტაბილურა.